28 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს - როგორ ეხმაურება ოპონენტების გადაწვეტილებას მმართველი გუნდი

პარლამენტიდან ოპოზიციის დეპუტატების გასვლა გრძელდება. "ლელოს" ლიდერის მსგავსად, საპარლამენტო მანდატის დატოვების გადაწყვეტილება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნონა მამულაშვილმაც მიიღო. პარტიაში არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და პროტესტის ნიშნად, რეგიონულ ცენტრებსა და დედაქალაქში აქციებს გეგმავენ. 

საპროტესტო აქციები ოპოზიციას იმ ნდობას ვერ დაუბრუნებს, რომელიც მათ უკვე დიდი ხანია დაკარგეს - ასე ეხმაურებიან ოპონენტების გეგმას მმართველ პარტიაში. "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ მოსახლეობა არა აქციებს, არამედ ქვეყნის სტაბილურ განვითარებას ელოდება.

ჩრდილოვანი კაბინეტიდან პირველი, ვინც პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილება გააჟღერა "ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე იყო. მის მსგავსად სადეპუტატო მანდატებს როგორც თავად აცხადებენ, ტოვებენ ანა წითლიძე და ზურა გირჩი ჯაფარიძეც. ამ საკითხზე განსხვავებული პოზიცია აქვთ თავად "ლელოში", სადაც ამბობენ, რომ ლიდერის პარლამენტიდან წასვლის მიუხედავად, საკანონმდებლო საქმიანობას უწყვეტად გააგრძელებენ.

პარტია ლელოს საპარლამენტო სია ჩაკეტილი აქვს. ანუ, მამუკა ხაზარაძის პარლამენტიდან გასვლის შემთხვევაში საკანონმდებლო ორგანოში მისი ადგილმონაცვლე ვეღარ შევა. შესაბამისად ოპოზიციის წარმომადგენლობა შემცირდება, მაშინ როდესაც შარლ მიშელის შეთანხმების თანახმად, საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის როლის გაძლიერება ერთ-ერთი მთავარი პუნქტი იყო. ფრაქცია "ლელოს" წევრები მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებასა და შეთანხმების დარღვევას შორის კავშირს ვერ ხედავენ. ოპოზიციის იმ ნაწილში კი, რომლებიც ჩრდილოვან კაბინეტში არ მოიაზრებიან, კოლეგის პოზიცია მანდატის გაუქმებასთან დაკავშირებით გაუგებარია.

საკუთარი სურვილით საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებაზე უარის თქმა გაუგებარია მმართველი პარტიის წევრებისთვისაც. "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ მანდატებზე უარი ნათლად წარმოაჩენს ოპოზიციის რეალურ მიზნებს. ოპონენტების დღის წესრიგში სახელისუფლებო ძალის წევრების შეფასებით, არჩევნების შემდეგ ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანაა.

ოპოზიციის ნაწილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მომდევნო დღეებში საქართველოს დიდ ქალაქებში საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავს. დედაქალაქში შემაჯამებელი აქციის ჩატარება ოპოზიციამ 6 ნოემბერს გადაწყვიტა.

დღის ამბები