28 ნოემბერი 2024,   04:22
ვრცლად
პოლიციამ ტაილანდელი ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის საქმეზე საქართველოს მოქალაქე დააკავა

სულ რამდენიმე წუთის წინ "კურიერისთვის" ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა, ის საქართველოს მოქალაქეა. 

ვერაზე მდებარე მასაჟის ცენტრში ტაილანდის მოქალაქე ტრანსგენდერი ქალი მოკლეს. თავდამსხმელმა კიდევ ერთ ადამიანს მიაყენა ბასრი საგნით ყელის არეში ჭრილობა.

მასაჟის ცენტრის თანამშრომლები თავდასხმის მოტივზე ღიად საუბრობენ. შემთხვევის ადგილზე ჰყვებიან, რომ მომხმარებელმა, მასაჟის გარდა, დამატებითი მომსახურება მოითხოვა, რაზეც სპეციალისტმა უარი უთხრა და კონფლიქტი ამის შემდეგ დაიწყო. შეკამათების შემდეგ მამაკაცმა მასაჟის ცენტრი დატოვა და მალევე უკან დაბრუნდა. "შემოვარდა და მაშინვე დაარტყა..." - აცხადებენ თანამშრომლები.

მომხდარი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა, რომლებიც ტაილანდური მასაჟის ცენტრში რამდენიმე ადგილზეა დამონტაჟებული. ჩანაწერები უკვე ამოიღეს სამართალდამცველებმა.

28 წლის ტრანსგენდერი ქალი საქართველოში, დროებითი დასაქმების მიზნით, 2 კვირის წინ ჩამოვიდა. მისი ცხედარი ახლა ექსპერტიზის ბიუროშია.

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები