28 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
1-ელ ნოემბერს არჩევნების შედეგები 140 საარჩევნო უბანზე გადაითვლება, პროცესის ამსახველი ვიდეო ცესკოს ვებგვერდზე იქნება ხელმისაწვდომი

1-ელ ნოემბერს არჩევნების მეორე ტურის შედეგები 140 საარჩევნო უბანზე გადაითვლება. ცესკოს მიერ დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე იკვეთება, რომ არჩევნების მეორე ტურის მონაცემების მიხედვით, ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებლები დაბალია და დიდად არ განსხვავდება ყველა სხვა არჩევნებზე ბათილი ბიულეტენების საშუალო მაჩვენებლისგან.

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ბიულეტენების გადათვლის პროცესი 17:00 საათზე დაიწყება. 

"1-ელ ნოემბერს არჩევნების მეორე ტურის შედეგები 140 საარჩევნო უბანზე გადაითვლება. საოლქო საარჩევნო კომისიები, კანონმდებლობის შესაბამისად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 11:00 საათზე  სხდომებზე წილისყრით გამოავლენენ ყოველ საარჩევნო ოლქში იმ უბნებს, რომლის შედეგებიც უნდა გადაითვალოს

საარჩევნო რეფორმის საფუძველზე განხორციელებულმა გადათვლის პროცედურებმა არჩევნების პირველ ტურზე გვაჩვენა, რომ აღნიშნულმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პროცესის გამჭვირვალობას. 
შესაბამისად, მინდა საოლქო საარჩევნო კომისიებს მივმართო  მნიშვნელოვანი ინიციატივითა და რეკომენდაციით - სავალდებულო 5 უბნის ნაცვლად, გამოავლინონ და გადათვალონ 7-7 საარჩევნო უბნის შედეგი.

მოვუწოდებ საოლქო საარჩევნო კომისიებს, გამჭვირვალობის მიზნით უზრუნველყონ კომისიის სხდომების და წილისყრის შესახებ შესაბამისი უფლებამოსილი პირების,  საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების ინფორმირება. 

ხვალვე, გადათვლის ცენტრებში 17:00 საათზე დაიწყება ბიულეტენების გადათვლა. უზრუნველყოფილი იქნება საჯაროობა და რა თქმა უნდა, პროცესის ვიდეოგადაღება.  

ხელახალი დათვლის პროცესს შეუძლიათ დაესწრონ და დააკვირდნენ უფლებამოსილი პირები: დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლები. მოვუწოდებ მათ, კანონის შესაბამისად განახორციელონ საკუთარი უფლება-მოვალეობები, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას გადათვლის პროცესის მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში წარმართვას. ჩვენ მიზანდასახული ვართ ამ პროცესში მაქსიმალურად გამოირიცხოს თუნდაც ცალკეული შემთხვევები რამაც გადათვლის მიმდინარეობას შესაძლოა ნებისმიერი სახით შეუშალოს ხელი და რა თქმა უნდა, ნებისმიერი სახის ინციდენტის შემთხვევაში გვექნება შესაბამისი რეაგირება.  

გადათვლის ცენტრებში სრულად იქნება გათვალისწინებული ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი კოვიდრეგულაციები, ცენტრში შესვლისას ყველა უფლებამოსილ პირს, „კოვიდ-19“ ანტიგენის სწრაფი ტესტით ჩაუტარდება ტესტირება. 

გადათვლის შედეგად დამუშავებული მონაცემები, ასევე ბიულეტენების გადათვლის პროცესის ამსახველი ვიდეომასალა უმოკლეს ვადებში იქნება ხელმისაწვდომი ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
აქვე აღვნიშნავ, რადგან კრწანისის საარჩევნო ოლქში კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით ჩატარდა, ხელახალი დათვლა არ განხორციელდება.

ცესკოს მიერ დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე იკვეთება, რომ არჩევნების მეორე ტურის მონაცემების მიხედვით, ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებლები დაბალია და დიდად არ განსხვავდება ყველა სხვა არჩევნებზე ბათილი ბიულეტენების საშუალო მაჩვენებლისგან.

მაგალითად, მერის არჩევნების ნაწილში სულ მონაწილეობდა 1 015 491 ამომრჩეველი, ბათილია 30 095 ბიულეტენი, რაც 2.96% -ს შეადგენს.

რადგან მედიაში ძირითადად აპელირება ხდება ქუთაისზე, ბათუმსა და ზუგდიდზე, აქვე გეტყვით ამ ქალაქების მონაცემებსაც. კერძოდ ქუთაისში 70 048 ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე, ბათილია 2 396 ბიულეტენი, რაც 3.42 %-ს შეადგენს. ბათუმში 77 034 ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე, გაბათილდა 2071 ბიულეტენი რაც 2,69%-ია,"-აცხადებს კალანდარიშვილი. 

დღის ამბები