28 ნოემბერი 2024,   06:49
ვრცლად
"აქედან დაიწყო ჩემი ჯოჯოხეთი..." - რა შეიძლება დაგემართოთ "ფილერის" არასწორად გაკეთების შემთხვევაში

ბუნებრივი შემავსებელი და სხვადასხვა სახის ინექცია, რომელიც 21-ე საუკუნეში სილამაზის ინდუსტრიაში აქტიურად გამოიყენება, შესაძლოა, სახიფათო აღმოჩნდეს და მომხმარებელი სილამაზის მსხვერპლიც კი გახდეს.

ვინ და როგორ უნდა აკეთებდეს ინექციას და რა რისკებთან არის პროცედურა დაკავშირებული -"რუსთავი 2-თან" ექიმი თეა კვიციანი შესაძლო გართულებებზე და იმ ინფორმაციაზე საუბრობს, რაც პაციენტმა აუცილებლად უნდა იცოდეს. 

"პირველ რიგში, გართულებები, შეიძლება, გამოიწვიოს არასწორმა ინექციურმა პროცედურამ. ამიტომ, აუცილებელია, რომ პროცედურა ჩაატაროს კვალიფიციურმა ექიმ-კოსმეტოლოგმა.

არასწორად გაკეთებულ ინექციას თან ახლავს გართულებები, მაგალითად, როგორიცაა - იშემია, ემბოლია, ვასკულარული ოკლუზია, ნეკროზი, ტანდალის ეფექტი და ა.შ. ძირითადი გართულებები, მაინც, კომპრესიაა და სისხლძარღვებში პრეპარატის მოხვედრა, რასაც თან სდევს ზემოთ ნახსენები რისკები,"- აცხადებს ექიმი თეა კვიციანი. 

რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს არასწორად გაკეთებულ ინექციას?

​"არასწორად გაკეთებულმა ინექციამ, შესაძლოა, თვალის ბადურის ჩამოშლაც გამოიწვიოს, რის შედეგადაც ადამიანი მხედველობას კარგავს. არანაირი თანხა არ ღირს პაციენტის ჯანმრთელობის ფასი, ეს უნდა გაიაზროს ყველა ექიმმა. 

მაგალითად, ტუჩის აუგმენტაცია მოისაზრება, როგორც მარტივი პროცედურა, თუმცა მარტივი ნამდვილად არ არის, რადგან არასწორად შერჩეულმა ფილერმა და არასწორად გაკეთებულმა ინექციამ, შესაძლოა, მიგვიყვანოს სავალალო შედეგამდე, როგორიც არის ნეკროზი (უჯრედის ლპობა).

პროცედურული ინექციის დროს, შესაძლოა, განვითარდეს გართულება, როგორც მომენტალურად, ასევე ინექციის დასრულების შემდეგაც. ამიტომ საჭიროებს ექიმის კონტროლს. გართულებები, შესაძლოა, გამოიწვიოს უხარისხო ფილერმაც,"- აცხადებს ექიმი თეა კვიციანი. 

როგორი უნდა იყოს "ფილერი" და რა უნდა იცოდეს პაციენტმა?

"ექიმმა სწორად უნდა შეარჩიოს პრეპარატი და დოზები. ფილერის ხარისხი კი უნდა იყოს უმაღლესი. როგორც ექიმია ვალდებული სწორად შესრულებულ ინექციაზე, ასევე, პაციენტია ვალდებული, შეასრულოს ექიმის რეკომენდაციები,"- აცხადებს ექიმი თეა კვიციანი.

არასწორად გაკეთებულ ინექციებს უამრავი მსხვერპლი ჰყავს საქართველოში, ისინი ექიმებს და კოსმეტოლოგიურ კაბინეტებს უჩივიან. 

ერთ-ერთი მათგანი "რუსთავი 2-თან" საუბრის დროს ჰყვება, რა გართულებები ჰქონდა ტუჩის ბუნებრივი შემავსებლის გაკეთების შემდეგ, მისი თხოვნის შესაბამისად, რესპონდენტის ვინაობას არ ვასახელებთ.

"ერთ-ერთ სალონში გავიკეთე ტუჩის მოცულობის გაზრდის პროცედურა, აქედან დაიწყო ჩემი ჯოჯოხეთი. გაკეთებიდან ორ საათში დაიწყო ტუჩმა დასიება, ვიფიქრე, რომ ალერგიული რეაქცია მქონდა და მივიღე მედიკამენტები, თუმცა არ დამიცხრა.

შემდეგ მივმართე იმ კოსმეტოლოგს, რომელმაც გამიკეთა პროცედურა და შემომთავაზა მეორე დღეს კონსულტაციაზე მივსულიყავი. მექანიკური მასაჟებით ცდილობდა ე.წ ბურთების დაშლას და მითხრა, რომ დანარჩენს ტუჩი გაიწოვდა, თუმცა 6 თვეა ვერ ვშველი დასიებულ ტუჩს. მქონდა ტკივილი, წვა და ქავილი. ახლა დავდივარ ერთ-ერთ კლინიკაში დაშლაზე, ვაპირებ, რომ სალონს ვუჩივლო, ჯერჯერობით, ამ ყველაფრის გამო ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ამისთვის მზად არ არის, საკმაოდ ბევრი ომი გამოვიარე იმ ქალბატონთან, ვინც გამიკეთა ტუჩი და საერთოდ არ გრძნობს პასუხისმგებლობას. მინდა ყველს ვურჩიო, სანამ არ გაარკვევენ ექიმის ზუსტ კვალიფიკაციას, "რენდომ" სალონებში და ესთეტიკურ ცენტრებში არანაირი ინექციური პროცედურები არ გაიკეთონ," - აცხადებს დაზარალებული. 

დღის ამბები