28 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
მე-2 ვადით არჩეული დედაქალაქის მერი - რომელმა ოპონენტმა მიულოცა კახა კალაძეს გამარჯვება და რატომ უცხადებს ოპოზიცია უნდობლობას არჩევნებს 

კახა კალაძე თბილისის მერი გახდა. ცესკოს მონაცემებით, 52 000 ხმის უპირატესობით გამარჯვებულმა კანდიდატმა დღეს თქვა, რომ ის გეგმავს ქალაქსა და ქვეყანაში პოლარიზების შესამცირებლად ყველაფერი გააკეთოს. კალაძემ ოპონენტებსაც იგივე მოუწოდა და განმარტა, რომ სტაბილური განვითარებისთვის ფუნდამენტურ საკითხებზე თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს.

თბილისის მერის სურვილსა და შეთავაზებას არ იზიარებს, მისი ყოფილი მთავარი კონკურენტი. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, არჩევნებს უნდობლობა გამოუცხადა. მელიას, თბილისში გაყალბების ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე არ უსაუბრია, თუმცა გაყალბების გასაპროტესტებლად აქცია დააანონსა.

მე-2 ტურის შედეგებს თბილისში, არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციურ სპექტრში.

"ნაციონალურ მოძრაობასთან" საარჩევნო ალიანსში მყოფმა პარტიების წევრებმა, შედეგები გააპროტესტეს. განსხვავებული იყო "გირჩის" რეაქცია. პოლიტიკური ცენტრის ერთ-ერთმა ლიდერმა კალაძეს გამარჯვება მიულოცა, კოლეგებს კი საარჩევნო სტრატეგია დაუწუნა.

ოპონენტებს არჩევნების შედეგების მიღებისა და ახალი პოლიტიკური დღისწესრიგის შემუშავებისკენ მოუწოდა, დღეს ირაკლი კობახიძემ. "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, მუნიციპალურმა არჩევნებმა მმართველი გუნდის მაღალი ლეგიტიმაცია კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ამ დროისთვის, ცესკოს მიერ თბილისში უკვე 769-ვე საარჩევნო უბანი დათვლილია. ადმინისტრაციის ბოლო მონაცემით კახა კალაძემ საარჩევნო მარათონი 55.6%-იანი გამარჯვებით დაასრულა.

დღის ამბები