28 ნოემბერი 2024,   06:54
ვრცლად
17:00 საათის მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 39.5%-ს შეადგენს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ - 39.5% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 825 129 ამომრჩეველს გულისხმობს.

თბილისში საარჩევნო უბნებზე 387 771 ამომრჩეველი მივიდა, რაც 38.7%-ია.

"საინფორმაციო ბრიფინგი ცესკოში: ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 სთ-ის მდგომარეობით
გაგაცნობთ ინფორმაციას 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ: ამომრჩეველთა აქტივობამ ამ დროისათვის 39.5% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 825 129 ამომრჩეველია. თბილისში საარჩევნო უბნებზე 387 771 ამომრჩეველი მივიდა, რაც 38,7%-ს შეადგენს.

კენჭისყრის პროცესი გრძელდება და მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამომრჩევლებს იაქტიურონ, ვინაიდან არჩევნების დასრულებამდე 2 საათი დარჩა.
აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს, 2 ოქტომბრის მსგავსად, №4 კრწანისის საარჩევნო ოლქში 31 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა საპილოტე პროექტის ფარგლებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს. ამომრჩევლები ხმას სპეციალური აპარატის გამოყენებით აძლევენ, აპარატის საშუალებით შედეგები კენჭისყრის დასრულებისთანავე გახდება ცნობილი. თუმცა აღნიშნულ უბნებზე ბიულეტენებს ასევე დაითვლიან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები.

ასევე აღვნიშნავთ, რომ იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ზე მეტია, ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება განხორციელდება. ვიდეოკამერების ჩანაწერები ოპერატიულად აიტვირთება ინტერნეტსივრცეში - Google drive-ის პლატფორმაზე. ვიდეოკამერების ნაწილი გამოყენებული იქნება გადათვლის პროცედურის გადასაღებადაც.

ხმის დათვლის პროცედურები დღეს 20:00 საათზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge. ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს Facebook-ზე, Youtube-სა და საიტზე მოხდება.

რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით, ამ დროისათვის კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა 97 საჩივარი. მათ შორის 40 დამკვირვებლების, ხოლო 57 საარჩევნო სუბიექტების მიერ არის წარდგენილი. მათი უმრავლესობა ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება.

საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, საარჩევნო სუბიექტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დაიცვან კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებით განცხადება/საჩივრების წარდგენის წესი.
კერძოდ, უფლებამოსილმა პირებმა კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებული განცხადება/საჩივარი უნდა წარადგინონ საუბნო საარჩევნო კომისიაში. შეგახსენებთ, რომ განცხადება/საჩივრის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენის შემთხვევაში ის განუხილველი დარჩება.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებით განცხადება/საჩივარი წარდგენილი უნდა იყოს საუბნო საარჩევნო კომისიაში, რომლის გადაწყვეტილებაც შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში ორი დღის ვადაში. საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების გამო საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცესკოში გასაჩივრების შემთხვევაში განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება.

ასევე კიდევ ერთხელ გვინდა გამოვეხმაუროთ გავრცელებულ დეზინფორმაციას, რომელიც ერთ პირზე გაცემულ ორ პირადობის მოწმობას. ჩვენ გადავამოწმეთ ინფორმაცია და ამ შემთხვევაშიც საქმე ეხება გვარის შეცვლას. სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, ეს ფაქტი მოხდა ორი წლის წინ. შესაბამისად ამომრჩეველთა სიაში შეტანილია შეცვლილი მონაცემი და ის ხმის მიცემას მხოლოდ ერთხელ შეძლებდა.

რაც შეეხება ზუგდიდის მე-10 საარჩევნო უბანზე გავრცელებულ ინფორმაციას თითქოსდა შეჩერებული იყო კენჭისყრა, აღნიშნული ინფორმაცია არ დასტურდება, საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

ასევე გლდანის საარჩევნო ოლქის ორ საარჩევნო უბანზე გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი, რამაც კენჭისყრის შეფერხება გამოიწვია. მათ შორის საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს შორის როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები დაფიქსირდა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლებამოსილ პირებს, დაიცვან კანონი, მისცენ შესაძლებლობა საარჩევნო კომისიებსა და ამომრჩევლებს, მშვიდ ვითარებაში წარიმართოს კენჭისყრა," - აცხადებენ ცესკოში.

კენჭისყრის პროცესის დასრულებამდე 2 საათზე ნაკლები რჩება.

დღის ამბები