28 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე და შიმშილობის 29-ე დღეს მიხეილ სააკაშვილმა ექიმთა კონსილიუმთან თანამშრომლობა შეწყვიტა

თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე და შიმშილობის 29-ე დღეს მიხეილ სააკაშვილმა ექიმთა კონსილიუმთან თანამშრომლობა შეწყვიტა. უარი თქვა იმ მედიკამენტებსა და სამედიცინო პროცედურებზეც, რომელიც მას ჯანმრთელობის მდგომარეობას უმსუბუქებდა. ექსპრეზიდენტი გადაწყვეტილების მიზეზებზე ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს და ამომრჩეველს ხვალ საღამოს ხმების დაცვისკენ მოუწოდებს.

ამ გზავნილიდან მალევე 320-ე საკანში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი შევიდა, რომელმაც პატიმარს სახარება შეუტანა. ექსპრეზიდენტს წმინდა წერილი პატრიარქმა გაუგზავნა.

დღის მეორე ნახევრიდან პატიმრის მოსანახულებლად სამი დეპუტატი მივიდა, მათ შორის, სააკაშვილის უკრაინელი მეუღლე. ექსპრეზიდენტის საკითხზე რომ დახურულ ფორმატში დიპლომატიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ამის შესახებ საქართველოში სპეციალური ვიზიტით ჩამოსულმა "რადას" წევრებმა განაცხადეს. მათ ისიც თქვეს, რომ პატიმარ სააკაშვილის უკრაინაში დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებენ. მსჯავრდებულის უკრაინული მხარისთვის გადაცემასთან დაკავშირებით, დიპლომატიური ხაზით, რაიმე სახის მოლაპარაკებები საგარეო საქმეთა სამინისტროში უარყვეს.

მიხეილ სააკაშვილთან სტუმრად დღეს მხოლოდ უკრაინელი დეპუტატები არ ყოფილან. ექსპრეზიდენტთან ერთსაათიანი შეხვედრიდან გამოსულმა ლევან ხაბეიშვილმა ამომრჩევლების მობილიზების აუცილებლობაზე ისაუბრა.

დღის ბოლოს მსჯავრდებულთან შესვლას გეგმავდნენ ექსპრეზიდენტის ინტერესების დამცველები, თუმცა სამუშაო საათების ამოწურვის გამო ისინი პატიმართან აღარ შეუშვეს.

ბოლო კონტაქტი კონსილიუმის წევრებთან მიხეილ სააკაშვილს გვიან ღამით ჰქონდა. მედიკოსთა ჯგუფმა მას სხვადასხვა სახის ანალიზები აუღეს. სააკაშვილი კონსილიუმთან შეხვედრაზე გუშინვე უარს ამბობდა, თუმცა მოგვიანებით ეს პოზიცია შეცვალა.

მიხეილ სააკაშვილი პროტესტის უკიდურესი ფორმის შეწყვეტას არ აპირებს და რუსთავის ციხის კოლონიაში შიმშილობას ამ დრომდე აგრძელებს.

დღის ამბები