28 ნოემბერი 2024,   06:53
ვრცლად
"თუ რაიმე აინტერესებთ, შეუძლიათ დამიბარონ გამოკითხვაზე" - ბესიკ წერედიანი ჩანაწერების გავრცელების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებს უკვე მოჰყვა გამოხმაურებები. სუსი-ის ინფორმაციით, ჩანაწერი, მთლიანად, 2-საათიანია და მასში რამდენიმე პირი ფიგურირებს. ერთ-ერთი მათგანი არის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ბესიკ წერედიანი. რაც შეეხება დანარჩენ პირებს, სუს-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ შორის არიან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და პარტიული აქტივისტები, რომლებიც უკვე გამოკითხვაზე დაიბარეს.

თავად ბესო წერედიანი, რომელიც ჩანაწერის მთავარ ფიგურანტად ითვლება, ამბობს, რომ თუკი გამოძიებას რაიმე აინტერესებს მისგან, შეუძლიათ გამოკითხვაზე დაიბარონ. 

"თუ რაიმე აინტერესებთ, შეუძლიათ დამიბარონ გამოკითხვაზე, მეტი არაფერი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ 24 საათი გვისმენს სახელმწიფო, სადაც არ უნდა ვიყოთ და როგორც არ უნდა ვიყოთ. და მეორე კიდევ, თუ ვინმეს რაიმე აინტერესებს, ჩემს Facebook გვერდზე შეუძლია წაიკითხოს ყველაფერი, რაც არის მითითებული და ეს მასკარადი, რა  მასკარადიც დღეს მოაწყვეს ამათმა, დამთავრდება ხვალ არჩევნებთან ერთად, ეს იქნება, რაც შემიძლია მაგათ შევპირდე,“ - ამბობს ბესიკ წერედიანი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ჩანაწერი გაკეთებულია მიხეილ სააკაშვილის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში.  თავად დაწესებულების დირექტორი, ლანა ღვინჯილია ადასტურებს, რომ ბოლო პერიოდში მხარდამჭერები შედარებით ხშირად იკრიბებიან სივრცეში, თუმცა რაზე საუბრობდნენ, მისთვის ცნობილი არ არის.

"ეს არის საჯარო დაწესებულება, ჩვენ არ გვაქვს არანაირი შეზღუდვა, ვინ მოვა, ვინ ისარგებლებს ჩვენი სივრცეებით. რა თქმა უნდა, ამ ბოლო დროს მხარდამჭერები უფრო ხშირად და აქტიურად იკრიბებიან ჩვენს სივრცეში, ცხადია, თუმცა ჩვენ არ ვაკონტროლებთ, ისინი რას აკეთებენ, რას საუბრობენ. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ პარტიის ლიდერები დიდი ხანია აქ არ მინახავს, უბრალოდ, მათ თავისი ოფისი აქვთ. არ ვიცი, ბესიკ წერედიანი რამდენად შეიძლება ჩაითვალოს პარტიის ლიდერად, თუმცა იკრიბებიან ხოლმე აქტივისტები“ - ამბობს ლანა ღვინჯილია.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარატამენტი სახელმწიფოს დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს. უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, დგინდება, რომ საქმის ფიგურანტები გეგმავენ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს. კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მისი გლდანის ნომერ მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით. აღნიშნული ითვალისწინებს სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების, სხვადასხვა საშუალებებით ბლოკირებას. 

დღის ამბები