28 ნოემბერი 2024,   06:38
ვრცლად
ტრანსნაციონალური დანაშაული და ქოლ-ცენტრების საქმე - ვინ არის ისრაელის მოქალაქე ბიზნესმენი დავით თოდუა და რა კავშირი აქვს მას დავით კეზერაშვილთან

9 ნახევარი მილიონი ევრო, 700 000 დოლარი, 220 000 ბრიტანული ფუნტი - ეს არის თანხები, რომელიც ტრანსნაციონალურმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა საქართველოს ტერიტორიაზე მიითვისა და გაათეთრა. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები და ხელმძღვანელები საქართველოსა და ისრაელში 19 ოქტომბერს, ერთდროულად დააკავეს. ტრანსნაციონალური დანაშაულის შესახებ დამატებითი ცნობები მთავარ პროკურატურაში დღეს კიდევ ერთხელ გაასაჯაროვეს.

საქართველოს, გერმანიისა და ისრაელის სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოვლენილ დანაშაულს გამოეხმაურა ევროჯასთი, ევროკავშირის სისხლის სამართლის თანამშრომლობის სააგენტო. განცხადებაში დანაშაულებრივი სქემაც აღწერილია.

თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო მასალებს აქვეყნებს "ოუ-სი-სი-არ-ფი", ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების სააგენტო. ერთ-ერთ სტატიაში სააგენტო ქართული წარმოშობის ისრაელის მოქალაქეზე, დავით თოდუაზე, როგორც ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი სქემის ფიგურანტზე წერს, საგამოძიებო მასალაში ნახსენებია საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრიც.

დავით კეზერაშვილის უფლებების დამცველმა დღეს კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობისთვის დაკავებული პირების ადვოკატებმა კი, სატელეფონო ინტერვიუსას განაცხადეს, რომ ბრალდებულები უდანაშაულოები არიან.

ტრანსნაციონალურ დანაშაულზე და მასთან დავით კეზერაშვილის შესაძლო კავშირზე საუბრობს სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი. მამუკა არეშიძის თქმით, მსგავსი საქმეები და ამ საქმეებში ქართველების შესაძლო თანამონაწილეობა ქვეყნის იმიჯს აზიანებს.

გამოძიების ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ონლაინ კომპანიები, სავაჭრო პლატფორმებისა და ქოლ ცენტრების მეშვეობით მოქალაქეებს ფსონებს სთავაზობდნენ და წინასწარ შერჩეულ პირებს მოგების თაობაზე მცდარ შთაბეჭდილებას უქმნიდნენ. ერთობლივი ოპერაციის ჩატარებაში სამი ქვეყნის ასზე მეტი სამართალდამცავი იყო ჩართული.

საქმეზე ინტენსიური გამოძიება და საერთაშორისო თანამშრომლობა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით, ამ დრომდე გრძელდება.

დღის ამბები