28 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
70 ევრო ყალბი PCR ტესტის უარყოფითი პასუხის სანაცვლოდ - ვინ დგას თაღლითური სქემის უკან, "კურიერმა" დეტალები გაარკვია

ფალსიფიცირებული კოვიდპასპორტები 70 ევროს სანაცვლოდ. როგორ აყალბებდნენ კოვიდ ანალიზებს და PCR ტესტის შედეგებს.

"კურიერმა" საქმის ექსკლუზიური დეტალები გაარკვია. რას უყვება "კურიერს" კლინიკის ხელმძღვანელი, რომლის სახელითაც მანიპულირებდა თაღლითური დაჯგუფება. ვინ დგას ყალბი კოვიდ პასპორტების სქემისა და ტურისტულ სააგენტოებთან დანაშაულებრივი გარიგების უკან.

"ლაბუნოს" სახელით წარდგენილი დოკუმენტების ნამდვილობაში ეჭვი თავდაპირველად ბერლინის საერთაშორისო აეროპორტში შეეპარათ.

ეს მას შემდეგ რაც, სასაზღვრო პოლიციამ საბუთზე დატანილი უნიკალური კოდის წაკითხვა ვერ შეძლო. საკითხის გადასამოწმებლად და დოკუმენტის ნამდვილობის დასადასტურებლად გერმანიიდან საქართველოში საბუთის გამცემ ლაბორატორიას დაუკავშირდნენ.

"ლაბუნოს" მსგავსად, კორონავირუსის ლაბორატორიული კვლევის ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტი აღმოაჩინეს "ნეო ლაბშიც".

თაღლითური სქემა სოციალური ქსელის საშუალებით გაიშიფრა. გარკვეული პირები, კოვიდ ტესტის ნეგატიურ შედეგების დამადასტურებელ დოკუმენტებს, კლინიკური ბეჭდითა და ექიმის ხელმოწერით თანხის სანაცვლოდ გასცემდნენ.

ყალბი დოკუმენტების დამზადების ერთ-ერთი მასშტაბური სქემა ფინანსურმა საგამოძიებო სამსახურმა რამდნეიმე დღის წინ გახსნა. ბრალდებულები ტურისტულ კომპანიასთან გარიგებით კოვიდ პასპორტებს და პისიარ ტესტის უარყოფით პასუხებს 70 ევროს სანაცვლოდ ამზადებდნენ.

იმ პირების ნაწილთან, რომლებიც საბუთების გაყალბებისთვის თანხას იხდიდნენ, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ყალბი დოკუმენტის დამზადება/გასაღების ბრალდებით დაკავებულებს კი, 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები