28 ნოემბერი 2024,   06:55
ვრცლად
გუშინ გამოქვეყნებულ IPSOS-ის კვლევაში ვნახეთ, რომ ვერ დაიმალა მანიპულაციის კვალი, ჩანს რომ 5-6%-ია მანიპულაცია ზუგდიდში - შალვა პაპუაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, შალვა პაპუაშვილი გუშინ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებულ IPSOS-ის​ კვლევის შედეგებს გამოეხმაურა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, კვლევა მანიპულირებულია.

"გუშინ გამოქვეყნდა IPSOS-ის კვლევის შედეგები. ეს შედეგები ასევე დაიდო IPSOS-ის ვებ-გვერდზე. ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით და ამას ფაქტებიც ადასტურებდნენ, ეს კვლევები იყო მანიპულირებული, ვინაიდან აცდენა იყო ყოველთვის დიდი, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ ვნახეთ პირდაპირ, თუ როგორ ვერ დაიმალა ამ მანიპულაციის კვალი.

ამ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში თქვენ ნახავთ, რომ ნაცვლად იმ მონაცემებისა, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა "მთავარ არხზე", სადაც ზუგდიდში ანზორ მელიასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა მონაცემი 54.7%, ხოლო მამუკა წოწორიასთან დაკავშირებით 45.3%. იმ დოკუმენტში, რომელიც დევს IPSOS-ის საიტზე, წერია - 51% მამუკა წოწერიას და 49% ანზორ მელიას შემთხვევაში. სხვა მონაცემები თითქოს იგივე არის, მაგრამ როგორც ჩანს, თავად ეს დოკუმენტი მანიპულირებული იყო და ჩარჩა შიგნით ძველი მონაცემი, რომელიც ნამდვილ მონაცემს შეეფერება.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ როგორ ხდება წინასაარჩევნო კვლევებით მანიპულირება. ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ეს მანიპულაცია დოკუმენტში ბოლომდე ვერ წაიშალა და კვალი დარჩა. ჩანს, რომ 5-6%-ია მანიპულაცია გაკეთებული ზუგდიდში. მაშინ, როდესაც რეალური შედეგის მიხედვით იგებს "ქართული ოცნება" და მამუკა წოწერია, გადაკეთებული და მანიპულირებული შედეგით გაცხადდა ისე, რომ თითქოს არჩევნებს იგებს ანზორ მელია," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები