28 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე დიდი თავდაცვა, შავი ზღვის რეგიონში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებია - სენატორი ჯინ შაჰინი

რუსეთის აგრესია საქართველოსა და სხვა ქვეყნების მიმართ - ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ისაუბრეს. ჯინ შაჰინმა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხების შესახებ გამართულ მოსმენაზე კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. სენატორის თქმით, შავი ზღვის საკითხებზე ნატოს პასუხი მეტ კოორდინაციასა და პოლიტიკურ ერთიანობას მოითხოვს. შაჰინმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მტრულ ქმედებებზეც და საქართველოში ამერიკის თავდაცვის მდივნის ვიზიტი დადებითად შეაფასა.

"რუსეთის ბოროტი ზრახვები აშკარად გამოიკვეთა მიმდინარე წლის ზაფხულის დასაწყისში, როდესაც მე და სენატორი მერფი უკრაინასა და საქართველოს ვეწვიეთ. ჩვენ ე.წ სამხრეთ ოსეთის საზღვართან მივედით, სადაც რუსეთის მხრიდან მიმდინარე ბორდერიზაცია და საქართველოს წინააღმდეგ მტრული ქმედებები ვიხილეთ. რუსეთის ტერიტორიული აგრესია, როგორიცაა სასაზღვრო ხაზიდან მავთულხლართების გადაადგილების გაგრძელება, რუსეთის სამხედრო ქცევის უფრო ფართო ნიმუშის ნაწილია და მისი დაგმობა უნდა გაგრძელდეს. მე ძალიან ვაფასებ იქ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობას.

რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე დიდი თავდაცვა, შავი ზღვის რეგიონში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებია. ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა მოლდოვა, უკრაინა და საქართველო, უნდა გააგრძელონ რუსეთის ბოროტი აქტივობების მოგერიება საჭირო დემოკრატიული რეფორმების გაძლიერებით, რათა ასახონ ხალხის ნება და დააახლოვონ ისინი ტრანსატლანტიკურ საზოგადოებასთან. მე მხარს ვუჭერ საქართველოსა და უკრაინის ნატოს მაპისთვის მისწრაფებებს, ვფიქრობ ეს მათ ძალიან დაეხმარება,"- განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა

დღის ამბები