28 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
იმ ციხეგამოვლილ პატიმრებთან სააკაშვილის ყოფნა რომ ეშინიათ ლოგიკურია, წამების და გაუპატიურების მთავარი დამკვეთი იყო - ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში ჰოსპიტალიზაცია არავითარ რისკს არ შეიცავს, რადგან პენიტენციურ დაწესებულებაში შესაბამისი სტანდარტები დაცულია.

"თავადაც აკეთებენ მინიშნებას ამაზე, ანუ იმდენად მძიმე სასჯელაღსრულების სისტემა შექმნეს 9 წლის განმავლობაში, რომ მიიჩნევენ რისკად სააკაშვილის ყოფნას იმ პატიმრებთან, რომელთაც ეს ციხე აქვთ გამოვლილი. მაგრამ რაც შეეხება იმას, რომ საფრთხე შეიძლება შეექმნას ასეთ დაწესებულებაში, ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილს, ეს გამორიცხულია, იმიტომ რომ იქაც არის შესაბამისი სტანდარტები დაცული, აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი არის სპეკულაცია. თუმცა მათ, რომ ეშინიათ იმ ციხეგამოვლილ პატიმრებთან სააკაშვილის ყოფნა, ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური, იმიტომ რომ მთავარი დამკვეთი იმ წამების, ადამიანების გაუპატიურების, არაადამიანური მოპყრობის, რომელიც ხდებოდა ციხეებში 2012 წლამდე იყო სწორედ მიხეილ სააკაშვილი. 

2 მთავარი პირი, ვინც დააკავეს ამ პერიოდის განმავლობაში ამ თემებთან დაკავშირებით. ერთი იყო მთავარი შემსრულებელი მეგის ქარდავა და მეორე იყო მთავარი დამკვეთი, მიხეილ სააკაშვილი. ძალიან სიმბოლურია, რომ მთავარი დამკვეთი და მთავარი შემსრულებელი დღეს ორივე იხდიან დამსახურებულ სასჯელს. ეს ასეც უნდა დარჩეს და ასეც აუცილებლად დარჩება.

სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაში არავითარი რისკი არ არის, სტანდარტები არის დაცული ყველა შესაბამის უწყებაში და მიმართულებით.

მე არ ვარ კომპეტენტური და ეს არ არის ჩემი პრეროგატივა, რომ ამ თემაზე ვისაუბრო, მაგრამ თავიდან ბოლომდე ეს არის პოლიტიკური დისკუსია, რაც აქვს წამოწყებული ჩვენ ოპონენტ პოლიტიკურ ძალას. რაც არის სტანდარტი ადამიანის უფლებების შესაბამისად, იმ სტანდარტის შესაბამისად მოხდება მოპყრობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ, მაგრამ არა უმეტეს. იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ერთ-ერთი პატიმარი," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში.

დღის ამბები