28 ნოემბერი 2024,   06:58
ვრცლად
​ავტოკოლონები მთავარ მაგისტრალებზე და საცობები თბილისის ყველა შემოსასვლელთან - რეგიონებიდან მსვლელობა "ოცნების" მხარდამჭერებმა დილიდან დაიწყეს

ქვეყნის ცენტრალურ მაგისტრალებზე დღის პირველ ნახევარში, საავტომობილო გადაადგილება დროებით შეფერხებული იყო, ამის მიზეზი, რეგიონებიდან დედაქალაქისკენ წამოსული ავტომობილების დიდი ნაკადი იყო.

მმართველი გუნდის მხარდასაჭერ შემაჯამებელ შეხვედრაზე, თბილისში პირველები აჭარლები წამოვიდნენ. ბათუმიდან თავისუფლების მოედნისაკენ კოლონა დილის 7 საათზე დაიძრა.

პარალელურად, გამთენიისას დაიძრა ავტოკოლონა გურიიდანაც. მთავარი გზავნილი, რაც "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს ჰქონდათ - მშვიდობა, განვითარება და სტაბილურობა იყო.

დროშებით და სიგნალებით თბილისისკენ, მოქალაქეები სამეგრელოდანაც ჩამოვიდნენ. ნაწილი საკუთარი ავტომობილით, ნაწილი კი სამარშრუტო ტაქსებით.

არ სურთ წარსულში დაბრუნება - ამ მოტივით "ქართული ოცნების" მხარდამჭერები თბილისში ფოთიდანაც ჩამოვიდნენ.

შეკრებაზე დასასწრებად, დილიდან ემზადებოდნენ ქუთაისშიც, მმართველი გუნდის მხარდამჭერები ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ და ავტოკოლონებით თბილისისკენ დაიძრნენ.

მოქალაქეობრივი ვალი და ქვეყნის კეთილდღეობა - ეს საერთო გზავნილი ჰქონდათ დღეს ახალციხიდან და გორიდან მომავალ მხარდამჭერებს.

დილიდან დაიწყეს სხვადასხვა ლოკაციაზე შეკრება კახელებმაც. "ქართული ოცნების" ყველა მხარდამჭერი ამბობდა, რომ დღევანდელი შემაჯამებელი აქცია იმის დადასტურებაა, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა, მმართველი გუნდის პოლიტიკით კმაყოფილია, რადგან მათთვის მთავარი ღირებულება ევროპული გზაა.

კახეთიდან დაძრული საავტომობილო ნაკადი არ წყდებოდა რამდენიმე საათის მანძილზე გომბორის უღელტეხილზე. კოლონების რაოდენობის გამო, თბილისის შემოსასვლელთან, საავტომობილო მოძრაობაც გართულდა, საჭირო გახდა, გზის გარკვეულ მონაკვეთებზე საპატრულო ეკიპაჟების მობილიზებაც. სამართალდამცველები მოძრაობას არეგულირებდნენ.

მმართველი გუნდის მხარდასაჭერად რეგიონებიდან წამოსული ავტოკოლონები დედაქალაქში, შემაჯამებელი შეხვედრის დაწყებამდე ორი საათით ადრე შემოვიდნენ. წინასწარ გამოყოფილ ადგილებზე ავტომობილები გააჩერეს და თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით დაიძრნენ.

დღის ამბები