28 ნოემბერი 2024,   06:49
ვრცლად
რუსთავში მომხდარი დაპირისპირება - რას უყვებიან "კურიერს" პირები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ მათ დავით კირკიტაძე ფიზიკურად გაუსწორდა

რუსთავში დავით კირკიტაძესთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, ოთარ ყაველაშვილი დაზიანებებით რუსთავის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. "კურიერთან" ინტერვიუში პირი ყვება, რომ ის წინა ხელისუფლების დროს უკანონო პატიმარი იყო, გუშინ კი საკუთარი პოზიციის გამოხატვა უნდოდა, მაგრამ ამის საშუალება არ მისცეს.

ვასილ ბალახაძე, კიდევ ერთი ყოფილი პატიმარი ამტკიცებს, რომ დაზიანება მას, მისი მეგობრის მსგავსად, დავით კირკიტაძემ მიაყენა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ხელჩართული ჩხუბი.

ვასილ ბალახაძის მონათხრობის მიხედვით, ის შარტავას ქუჩაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც "ნაციონალური მოძრაობის" შტაბთან მათი მერობის კანდიდატი შენიშნა. ბალახაძის თქმით, მან კირკიტაძესთან გასაუბრება სცადა, თუმცა მისი მოსმენა არ ისურვეს და ამას ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ჩხუბში მონაწილეობას დავით კირკიტაძე არ უარყოფს და ამტკიცებს, რომ ამ ფორმით პარტიის ოფისს იცავდა.

რუსთავში მომხდარი დაპირისპირების დროს "ნაციონალური მოძრაობის" 3 წევრი დაშავდა, მათ შორის საკრებულოს ახლად არჩეული დეპუტატი.

გაშიფრულ კადრებში ჩანს რუსთავის საკრებულოს ახლად არჩეული თავმჯდომარეც, ასევე საკრებულოს ახლად არჩეული დეპუტატი "ქართული ოცნებიდან". ვიდეომასალაში ჩანან ნინო ლაცაბიძის შტაბის წევრებიც, რომლებიც თვითმმართველი ქალაქის სხვადასხვა აიპის თანამშრომლები არიან. კადრების მიხედვით, ისინი დაპირისპირებული მხარის გაშველებას ცდილობენ. კადრებში მონაწილე პირები ამბობენ, რომ შემთხვევის ადგილას მალე აღმოჩნდნენ, რადგან ოპონენტების ოფისები ერთმანეთის გვერდიგვერდ მდებარეობს.

რუსთავში, შარტავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად ჯერ არავინ დაუკავებიათ. შინაგან საქმეთა სამინისტომ გამოძიება 126 მუხლით დაწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

დღის ამბები