28 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
24 დღეა, რაც პარლამენტის თავმჯდომარე არ მაძლევს ნებართვას პირადად მე, რომ მოვინახულო მიხეილ სააკაშვილი - ნონა მამულაშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნონა მამულაშვილის განცხადებით, მას პარლამენტის თავმდჯომარე კახა კუჭავა ექსპრეზიდენტის მონახულების ნებართვას უკვე 24 დღეა არ აძლევს, მიზეზად კი დასავლელ პარტნიორებთან მის კონტაქტს ასახელებს.

"24 დღეა გასული მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარე არ მაძლევს ნებართვას პირადად მე, რომ მოვინახულო საქართველოს ექსპრეზიდენტი, რომ ვნახო როგორი მდგომარეობა აქვს მას ჯანმრთელობის, იმიტომ, რომ მან კარგად იცის, რომ პირდაპირ ვეკონტაქტები ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და სავარაუდოდ, მათ არა აქვთ სურვილი, რომ ვნახო, პირადად გავესაუბრო მიხეილ სააკაშვილს და გადავცე ამის შესახებ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. ახლა ვიყავი კუჭავასთან კაბინეტში მისული, როგორც ჩანს, ბატონი კუჭავა ჩაიკეტა კაბინეტში და მემალება," - აცხადებს ნონა მამულაშვილი.

მმართველ პარტიაში აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფენ. პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ენმ-ს ტყუილები არ არის გასაკვირი, თუმცა აღნიშნული საკითხი პარლამენტის თავმჯდომარის გადასაწყვეტია.

"ჩვენ ვხედავთ, რომ არავის აქვს პრობლემა დეპუტატებს, რომ მოინახულონ მსჯავრდებული, ამის რაიმე დაკავშირება, რომ ის საზღვარგარეთ ხშირად დადის და ამის გამო არ უშვებენ, ვფიქრობ, რომ აბსოლუტური სპეკულაციაა. "ნაციონალური მოძრაობისგან" ტყუილები მემგონი არ გვიკვირს და ამიტომ ვერ გეტყვით. ეს საკითხი გახლავთ პარლამენტის თავმჯდომარის გადასაწყვეტი," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები