28 ნოემბერი 2024,   06:59
ვრცლად
კონსილიუმის რეკომენდაციით, ჰოსპიტალიზაცია უნდა განხორციელდეს მულტიპროფილურ კლინიკაში, აქ საუბარი სამოქალაქო კლინიკაზე არ ყოფილა - რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმების კონსილიუმი 2-ჯერ შეიკრიბა. მინისტრის თქმით, პირველი კონსილიუმის რეკომენდაციები, რომელიც გარკვეულ მედიკამენტოზურ მკურნალობას შეეხებოდა შესრულებულია. რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით რეკომენდაციას საუბარია არა სამოქალაქო, არამედ მულტიპროფილურ კლინიკაში.

"ბოლო დასკვნაში, რომელიც დადო კონსილიუმმა და არის სარეკომენდაციო ხასიათის საუბარია, რომ თუ საჭირო გახდება ჰოსპიტალიზაცია.  უნდა განხორციელდეს მულტიპროფილურ კლინიკაში, ხაზგასმით ვამბობ აქ საუბარი სამოქალაქო კლინიკაზე არ ყოფილა," - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მისი თქმით, პენიტენციური დაწესებულების #18 სამკურნალო დაწესებულების ექიმები აცხადებენ რომ ისინი მზად არიან პაციენტის მისაღებად. იუსტიციის მინისტრმა კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ თუ საჭირო გახდება მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია, მას სწორედ პენიტენციური დაწესებულების #18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ. მინისტრი არ ეთანხმება სახალხო დამცველის დასკვნას, რომ ამ სამკურნალო დაწესებულებაში გარკვეული პროფილის ექიმების ნაკლებობაა.

იუსტიციის მინისტრი, ასევე, უარყოფს იმ ფაქტსაც, რომ კონსილიუმის ერთ-ერთი წევრი ექიმი ზურაბ ფაღავა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა და აცხადებს, რომ ექიმები მულტიპროფილურ კლინიკას უწევდნენ რეკომენდაციას რაც სამოქალაქო კლინიკას არ ნიშნავს.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი 25 დღეა რუსთავის ციხეში შიმშილობს, მას სამედიცინო დახმარება მათ შორის მედიკამენტოზური ჩარევა და გადასხმა რამდენიმეჯერ დასჭირდა. ექიმები ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში მას ჰისპიტალიაციაც დასჭირდება. მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებენ, ისინი ვარაუდობენ, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

დღის ამბები