28 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
არაჟნით სავსე კონტეინერით სააკაშვილის მგზავრობის დეტალები, კოვიდის მაღალი მაჩვენებლები და ლოიდ ოსტინის ვიზიტი - გასული კვირის მიმოხილვა მოკლედ

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისა და შიმშილობის 24-ე დღეა და მთავარი პოლიტიკური თემების განხილვა კვლავ ყოფილი პრეზიდენტის გარშემო მიმდინარეობს. გასული 1 კვირის განმავლობაში მივიღეთ არაერთ კითხვაზე პასუხი, რომელიც მთელი თვის განმავლობაში ჰქონდა საზოგადოებას - როგორ შემოვიდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, ვისი დახმარებით, სად და რა დროს გადაადგილდებოდა საზღვრიდან თბილისის მიმართულებით...

პროკურატურამ დადო პუნქტობრივი ინფორმაცია ამის შესახებ - მაშინ, როდესაც მთელი საზოგადოების ყურადღება მიპყრობილი იყო ცისკენ, კიევი-თბილისის ავიარეისზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დაჯავშნა, აღმოჩნდა, რომ ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში შემოვიდა ზღვით და - არალეგალურად.

ისტორია იწყება უკრაინის ერთ-ერთი პორტიდან - ჩერნომორკის პორტში დაიტვირთა გემი "ვილნიუსი", რომელზეც, სხვა კონტეინერებთან ერთად, იყო საქართველოს მოქალაქის კუთვნილი რძის პროდუქტებით დატვირთული კონტეინერიც. სწორედ ამ კონტეინერში მოიძებნა ადგილი არარეგისტრირებული მგზავრისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის. გემი დაიძრა ფოთის მიმართულებით და დაახლოებით 3 საათში უკვე ფოთის პორტში იყო. რამდენიმე საათში კონტეინერები გადმოტვირთეს. ამ მომენტისთვის პორტში იმყოფებოდა საქართველოს მოქალაქე - ელგუჯა ცომაია, რომელიც ტვირთზე იყო პასუხისმგებელი, სწორედ მან გამოიყვანა ექსპრეზიდენტი გაფორმების ეკონომიკური ზონიდან. მიხეილ სააკაშვილი ჩაჯდა "მერსედესში", რომელიც მამა-შვილ წოწორიებს ეკუთვნით და გაემგზავრა აბაშაში, სოფელ ტყვირში, ელგუჯა ცომაიას სახლში. სწორედ აქ დაიგეგმა მომდევნო მოქმედებები. პირველი მოგზაურობა ბათუმის მიმართულებით შედგა, სადაც სააკაშვილმა ჩაწერა ვიდეო და თქვა, რომ საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა. ვიდეომასალა 1 ოქტომბერს აიტვირთა. ყოფილი პრეზიდენტი ჩამოვიდა თბილისშიც, ამ საქმეში კი ახალი ფიგურანტი გამოჩნდა - გიორგი ნარიმანიძე, რომელიც 3 პირთან ერთად არის დაკავებული, მას აღნიშნულ საქმეში მიხეილ სააკაშვილის ხელშეწყობას და მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავებიან. მიხეილ სააკაშვილის სხვა ბრალდებებს კი ამჯერად საზღვრის უკანონოდ კვეთაც დაემატა. 

სააკაშვილთან და სხვა პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით დუღილის ტემპერატურა მატულობს, თუმცა სულ სხვა საკითხი აღელვებთ ექიმებს - მათ ამ დრომდე ვერ მიაღწიეს საზოგადოებაში ისეთ განწყობის შექმნას, რომ აუცილებელია პანდემიის დასამარცხებლად ვაქცინაციის ტემპის მომატება, ეს მაჩვენებლები კვლავ დაბალია იმ ფონზე, რომ ქვეყანაში მეხუთე ტალღაა, დღეში 5 ათასამდეა ინფიცირების მაჩვენებელი, გარდაცვლილთა რაოდენობა პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი 10 ათასიან ნიშნულს უახლოვდება. 

კიდევ ერთ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გასულ კვირას მოხდა, ეხება წონიანი პერსონის ვიზიტს - საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის თავდაცვის მდივანი, რომელმაც თავდაცვის მინისტრთან ერთად გააფორმა ხელშეკრულება - კიდევ 6 წლით გახანგრძლივდა საქართველოს თავდაცვისა და შეკავების დოკუმენტი.

დღის ამბები