28 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად და გათავისუფლების მოთხოვნით რუსთავის ციხესთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ამ წუთებში ყოფილი პრეზიდენტის მხარდასაჭერად და მისი გათავისუფლების მოთხოვნით რუსთავის ციხესთან მორიგი საპროტესტო აქცია იმართება. ციხის ჭიშკართან დამონტაჟდა სცენა და უკვე დაიწყო გამოსვლებიც.

რუსთავის 12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან იმყოფებიან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეები. 

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ბარამიძე ქვეყნის სირცხვილს უწოდებს ფაქტს, როდესაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც თანამედროვე სახელმწიფო ჩამოაყალიბა, საპატიმროშია და შიმშილობს.

"ჩვენი ქვეყნის უდიდესი სირცხვილი და ტრაგედიაა, რომ ჩვენი თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შემქმნელი, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს ციხეშია და უკვე 25-ე დღეა შიმშილობს. ელემენტარულად, იმის საშუალებაც კი არ ეძლევა მას, რომ გადაყვანილი იქნას იმ კლინიკაში, სადაც მას ექნება საშუალება აღმოუჩინონ ის დახმარება, რომელიც სჭირდება ადამიანს,“ - ამბობს გიორგი ბარამიძე.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში მოთავსების საკითხს, მისი მხარდამჭერები ციხის საავადმყოფოში მის გადაყვანაზე კატეგორიული წინააღმდეგი არიან. 

" აქ არის ორი საკითხი - მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის უზრუნველყოფა, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ მულტიპროფილურ კლინიკაში სრულფასოვანი დაკვირვებით და მეორე, მისი უსაფრთხოება. ციხის საავადმყოფოში არც ერთი ეს კომპონენტი არ იქნება დაცული,“ - ამბობს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნუგზარ წიკლაური. 

პარალელურად, ცოტა ხნის წინ, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე. მას შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

დღის ამბები