28 ნოემბერი 2024,   06:54
ვრცლად
"ლევანს უპირისპირდება კაცი, გვარად ბოტკოველი, რომელიც გამოირჩევა უბადლო ტყუილებით და დემაგოგიით" - პრემიერი თელავის მერობის კანდიდატებზე

არჩევნების მეორე ტურამდე 6 დღით ადრე მმართველი გუნდი რეგიონებში აქტიურ კამპანიას განაგრძობს. ამჯერად პრემიერ-მინისტრი "ქართული ოცნების" თავმჯდომარესთან და სხვა ლიდერებთან ერთად კახეთშია.

შეხვედრა გაიმართა თელაველ ამომრჩეველთან, რომლებსაც პარტიის მერობის კანდიდატის, ლევან ანდრიაშვილის მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს. გეგმების და პროექტების მიმოხილვის გარდა იყო პოლიტიკური განცხადებები და კრიტიკა ოპონენტების მისამართით.

"თელავი ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქია. ჩვენ აქ პირველ რიგში, რეალურად, გავიმარჯვეთ, უბრალოდ, გარკვეული ხმები დააკლდა ლევანს, რომ პირველივე ტურში დაესრულებინა გამარჯვება. მოგეხსენებათ, რომ აქ გუნდის ყოფილი წევრის ფაქტორი იყო, გუნდიდან მისი გასვლა და მის მიერ საკუთარი კანდიდატურის წამოყენება. მჯერა, რომ თელავი ხმას მისცემს პროგრესს, კეთილსინდისიერებას, მშვიდობას, სტაბილურობას, განვითარებას და კიდევ ერთხელ უარს ეტყვის ძალადობას, წამებას.

ლევანს უპირისპირდება კაცი, გვარად ბოტკოველი, რომელიც გამოირჩევა უბადლო ტყუილებით და დემაგოგიით, სიცრუით. ბოტკოველი არის სააკაშვილის სახე, მოძალადე, მწამებელი პარტიის სახე. სახე პარტიისა, რომელიც არის კოლექტიური უბირიები. უბირია არის ადამიანი, რომელიც მიჰყავდათ ნაცმოძრაობის ლიდერებს და აუპატიურებინებდნენ ადამიანებს და საშინელებებს სჩადიოდნენ. აი, ასეთი პარტიის სახეა ბოტკოველი და ძალიან სირცხვილია ამ ადამიანისთვის ხმის მიცემა.

ჩვენ სრული მობილიზაცია გვაქვს გამოცხადებული, რომ არცერთი ჩვენი ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში, უნდა გავიმარჯვოთ დიდი უპირატესობით. ყველა მუნიციპალიტეტის მიმართ მექნება თანაბარი მიდგომა. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ბიუჯეტიც გავზარდოთ, ძალიან ბევრ, მაგარ პროექტებს ვგეგმავთ, მათ შორის, ტურისტული, ახალი ატრაქციების გაკეთებას თელავში, მასშტაბური, განახლებული ურბანული განვითარების პროექტს ვიწყებთ ინავრიდანაც. მე არ მინდა და ჩვენ არავის არ გვინდა, არც თელავს და თელაველებს, რომ ვინმემ გააგრძელოს ის საბოტაჟი, რაც ხდებოდა წინა წლებში,"-განაცხადა პრემიერმა.

განცხადება გააკეთა თავად თელავის მერობის კანდიდატმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ გამარჯვებაში დარწმუნებულია. 

"ჩვენ დიდი უპირატესობით ვართ გადასული მეორე ტურში და ზუსტად ვიცით და მივიჩნევთ, რომ 30 ოქტომბერს შევხვდებით გამარჯვებულები, ღირსეულად ვიზეიმებთ გამარჯვებას და ერთხელ და სამუდამოდ დავუსვამთ წერტილს გაურკვევლობას. ჩვენი მთავარი მიზანია, ვემსახუროთ მოსახლეობას და და შევასრულოთ ის კონკრეტული პროექტები, რაც არის გეგმაში,"-განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა. 

დღის ამბები