28 ნოემბერი 2024,   06:55
ვრცლად
სავალდებულო ვაქცინაციას არ დავუშვებ - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სავალდებულო აცრის შემოღებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, შეძლონ მოქალაქეების დარწმუნება და არა იძულება, რომ ვაქცინა უალტერნატივო გამოსავალია. 

მისივე თქმით, ანტივაქსერული კამპანია მძლავრია არამარტო საქართველოში, არამედ ევროპის ქვეყნებსა და აშშ-შიც.

"მე, როგორც საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას. მე მინდა, ეს ყველამ კარგად იცოდეს. ჩვენს მოქალაქეებს აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება და საშუალება. 

მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ დროულად ჩამომეტანა საკმარისზე მეტი ვაქცინა, მილიონობით ვაქცინა ჩამოვიტანე და პირადად ვიყავი ჩართული ამ მოლაპარაკებებში. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები, და არა ვაიძულოთ, ეს მნიშვნელოვანი, დავარწმუნოთ, რომ ეს არის ერთადერთი, უალტერნატივო გამოსავალი, რომ ყველა უნდა ჩავერთოთ და ავიცრათ.

ჩვენ 2 მილიონი აცრა ჩავატარეთ და მილიონი მოქალაქის აცრა შევძელით სულ რაღაც 3 თვეში, ვფიქრობ, რომ ეს არის საკმაოდ ეფექტური შედეგი. ეს პროცესი არ არის მხოლოდ ჩვენთან, ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში, ამერიკაშიც არის ანტივაქსერების საკმაოდ მძლავრი კამპანია და რეალურად, ჩვენ ვიცით, რომ ეს არის დეზინფორმაცია. ჩვენ უნდა ვენდოთ მეცნიერებს და არ უნდა დავუჯეროთ ყალბ ინფორმაციებს,"-აცხადებს პრემიერი. 

შეგახსენებთ, რომ დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა რომ, შესაძლოა, ნოემბრიდან ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს.

დღის ამბები