28 ნოემბერი 2024,   06:59
ვრცლად
შატალოვას საქმე - "კურიერის" ინფორმაციით, დანაშაულის სისრულეში მოყვანისთვის მკვლელობის დამკვეთმა 20 ათასი დოლარი გადაიხადა

27 წლის ქალის მკვლელობის შემდეგ კვლავ დავის საგანია, ვის ეკუთვნის 2 წლის ბავშვზე მეურვეობის უფლება. მეურვეობის მულტიფუნქციური საბჭოს გადაწყვეტილებით უფლება ბავშვის მამას, ბათუმის ყოფილ ვიცემერს, ზურაბ ბერიძეს გადაეცა, თუმცა ამას ანასტასია შატალოვას ოჯახი აპროტესტებს.

"კურიერითან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ბერიძის მიმართ ისმის ბრალდებები ძალადობის ფაქტებზეც. ბრალდებებს უკვე უპასუხა ბერიძის ადვოკატმაც, რომელიც მტკიცებულებებს და დადასტურებას მოითხოვს.

მკვლელობის დამკვეთობაზე გავრცელებულ ვერსიას ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი ისევ კატეგორიულად უარყოფს. ზურაბ ბერიძემ გამომძიებლებს ჩვენება უკვე მისცა, გაჩხრიკეს მისი სახლიც.

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულების გარდა, რომლებიც ქილერებად მოიაზრებიან, მოკლულის ოჯახი სხვა პირების დაკავებას აანონსებს.

შეკვეთილი მკვლელობის ვერსიაზე გამოძიებაც მუშაობს. "კურიერის" ინფორმაციით, საქმის მასალებში, ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა ბარათელი, იგივე "ჭია" ფიგურირებს, რომელიც დანაშაულთან რაიმე კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით, მკვლელობის დამკვეთმა სწორედ ბარათელს სთხოვა ქილერების მოძიება. "კურიერის" ინფორმაციით, დანაშაულის სისრულეში მოყვანისთვის, მკვლელობის დამკვეთმა 20 ათასი დოლარი გადაიხადა. ანასტასია შატალოვა 18 ოქტომბერს, თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე მოკლეს. დაკავებული 3 პირი განზრახ მკვლელობის ბრალს უარყოფს.

დღის ამბები