28 ნოემბერი 2024,   06:53
ვრცლად
სააკაშვილის დროს ყველა მერი ინიშნებოდა, ეს ხალხი როგორ ბედავს, რომ თვითმმართველობაზე გველაპარაკება - ირაკლი ღარიბაშვილი

მმართველი გუნდის ლიდერებმა ბაღდათში საზოგადოებას "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის კახა ენუქიძის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. მოსახლეობასთან შეხვედრას ამ შემთხვევაშიც პრემიერ-მინისტრი, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე და სხვა ლიდერები ესწრებოდნენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხების და სამოქმედო გეგმების განხილვის გარდა მედიასთან მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიც შეაჯამეს. ღარიბაშვილის თქმით, თვითმმართველობის რეალური რეფორმა და სამართლიანი არჩევნები, სწორედ "ქართული ოცნების" ანგარიშზეა:

"ჩვენ ვატარებთ თავისუფალ, გამჭვირვალე არჩევნებს, კარგად გვახსოვს, როგორ არჩევნებს ატარებდა სააკაშვილი, როგორი მანიპულაცია, როგორი ძალადობა, აგრესია და ტერორი მიმდინარეობდა ჩვენს ქვეყანაში, ათასობით ხმას იპარავდნენ, ჩვენი მოსახლეობის ხმებს იპარავდნენ, ყალბ პირადობის მოწმობებს ბეჭდავდნენ. ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს გამოვიძიე ეს საქმე, ათასობით ყალბი პირადობის მოწმობა ამოვიღეთ, მაშინ კუდ-ის სპეციალური დანაყოფი ხელმძღვანელობდა ამ სპეცოპერაციებს და მიდიოდნენ და პირდაპირ საარჩევნო ურნებში ყრიდნენ ყალბ ბიულეტენებს. ეს ხელწერა იყო და განსხვავება ნახეთ დღევანდელ არჩევნებზე. ახლა გვაქვს უნიკალური შანსი, ამ სამ წელიწადში რეალური, ხელშესახები ეფექტი და შედეგები ვნახოთ და ვაჩვენოთ ჩვენს მოსახლეობას. არჩევნები ჩვენ მოვიგეთ, მიშა ციხეშია და ქვეყანა დამშვიდდება და გავაგრძელებთ მშვიდობიან განვითარებას. "ქართული ოცნება" არის ის ხელისუფლება, რომელმაც რეალური თვითმმართველობის რეფორმა გაატარა, მათ შორის ჩემი პირველი პრემიერობის დროს, მაშინ შევცვალეთ კანონმდებლობა, სააკაშვილის დროს ყველა მერი ინიშნებოდა, ხალხს არ ეძლეოდა საშუალება რომ თავად აერჩია, ეს ხალხი როგორ ბედავს, რომ თვითმმართველობაზე გველაპარაკება," – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მმართველი გუნდის კანდიდატების გამარჯვებისა სჯერა პარტიის თავმჯდომარესაც, ირაკლი კობახიძის განცხადებით თითოეული კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

დღის ამბები