28 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
შედგება თუ არა დიალოგი საპატრიარქოსა და აფხაზურ ეკლესიას შორის - სოხუმიდან წერილი ავტოკეფალიის მოთხოვნით, მოსკოვის გარდა უკვე თბილისში გამოიგზავნა

ისტორიული სინამდვილის გასაცნობად საქართველოს საპატრიარქო აფხაზთა საეკლესიო საბჭოს დე-ფაქტო მეთაურს საქართველოში იწვევს. ოფიციალური წერილის საპასუხოდ, რომელიც დედაქალაქში დიალოგის დაწყების მოტივით, თბილისიდან სოხუმში გაიგზავნა - ოკუპირებული აფხაზეთიდან ტელეეთერის საშუალებით უპასუხეს და ჩამოსვლაზე უარი განაცხადეს. 

100 წლის წინ აფხაზეთისა და საქართველოს ეკლესიების გაერთიანებით ისტორია უკვე დაიწერა, ის რომ აფხაზეთს ავტოკეფალია არ ეკუთვნის - დარწმუნებულები არიან საქართველოს საპატრიარქოში, სადაც მღვდელ ბესარიონ აპლიას დღეს აგრესიული რიტორიკა დაუწუნეს და ოფიციალური პასუხის გაცემის შემთხვევაში, ტონის შერბილება ურჩიეს. კათოლიკოს პატრიარქის მდივანი, რომელიც ოფიციალური მიმოწერის ხელმომწერია, ამბობს, რომ აფხაზურ პრესაში გავრცელებული ინტერვიუ მაინც იმედისმომცემია, რადგან ნათქვამია უარი თბილისში შეხვედრაზე, მაგრამ არა დიალოგზე. 

საქართველოს საპატრიარქო საკუთარ პირობებს აყენებს - თბილისში მიიჩნევენ, რომ შეხვედრის ადგილი აფხაზური საეკლესიო საბჭოს მეთაურმა არ უნდა განსაზღვროს და უფრო მეტიც - საპატრიარქოში დიალოგში მესამე მხარის მონაწილეობაზე უარს ამბობენ.

წლების განმავლობაში, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მხარეები დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ, და როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთის თვითაღიარებულმა პატრიაქმა პრობლემაზე სასაუბროდ რუსეთთან ერთად საქართველოსაც დიალოგის დასაწყებად მიმართა. ყველაფერი 12 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც აპლიამ რუსეთისა და საქართველოს პატრიარქებს წერილი გაუგზავნა და აფხაზეთის ავტოკეფალიის აღიარების სურვილით, წარსულის შესწავლა სთხოვა. საქართველოს საპატრიარქომ თვითაღიარებულ იერარქს წერილობით უპასუხა და თბილისში მოიწვია. 

ბოლო წერილის შედეგ 8 დღე გავიდა, საქართველოს საპატრიარქო თვითაღიარებული პატრიარქის, მღვდელი ბესარიონ აპლიასგან მორიგ პასუხს ელოდება. სავარაუდოდ, ამ პასუხის შედეგ გაირკვევა, სად და ვინ მიუსხდება მოლაპარაკების მაგიდას.

დღის ამბები