სასამართლომ გიორგი თაბაგარის წინააღმდეგ 15-დღიან პატიმრობაზე პოლიციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სამართალდამცველის გინების საქმეზე თაბაგარი სამართალდამრღვევად ცნეს, თუმცა მოსამართლე სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა.
საქმე ეხება 5 ივლისის მოვლენებს. როგორც თავად თაბაგარი აღწერს, მას შემდეგ, რაც "თბილისი პრაიდის" ოფისი ჰომოფობიური და ძალადობრივი განწყობების ჯგუფებმა დაარბიეს, მას პოლიციამ დაურეკა.
ის იხსენებს, რომ პოლიციამ სთხოვა დარბეული ოფისის კარის გაღება, რათა ზარალი დაეთვალათ. ის ამბობს, რომ ემოციურ ფონზე პოლიცია უცენზურო სიტყვებით მოიხსენია.
ამ ამბავზე საქმის წარმოება საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით დაიწყო, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ეს მუხლი ითვალისწინებს ან ფულად ჯარიმას, ან რამდენიმედღიან პატიმრობას. შსს ამ საქმეზე თაბაგარისთვის 15-დღიან პატიმრობას ითხოვდა.