მკვლელობა ბათუმში - ნარკოლოგიური ცენტრის ეზოში, 44 წლის მამაკაცს ათამდე ტყვია ესროლეს, რომელიც კლინიკაში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელი ცენტრთან ავტომობილით, შეიარაღებული და შენიღბული მივიდა. ადგილობრივებმა ის ვერ იცნეს, მათთვის უცნობია მკვლელობის მოტივიც.
გარდაცვლილი ედიშერ ჯორბენაძე ნარკოლოგიური ცენტრის ბენეფიციარი იყო, დღეს დაწესებულებაში მორიგ ვიზიტზე მივიდა, თუმცა, ცენტრში შესვლა ვერ მოასწრო. ნარკოლოგიურის ხელმძღვანელი სატელეფონო საუბრისას ამბობს, რომ მისი თანამშრომლები შემთხვევას შეესწრნენ, თუმცა, მათთვის უცნობია, უძღოდა თუ არა თავდასხმას წინ სიტყვიერი ან ფიზიკური დაპირისპირება. მაია კონცელიძის განმარტებითვე, იმის გამო, რომ ცენტრის ეზოში კამერები არ არის, ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა არ არსებობს.
რატომ ესროლეს ნიკო ჯაყელის ქუჩაზე 44 წლის მამაკაცს, უცნობია მოკლულის ოჯახის წევრებისთვის. ედიშერ ჯორბენაძის მამა არ გამორიცხავს, მისი შვილის სიკვდილი პირად მოტივებს უკავშირდებოდეს, თუმცა, კონკრეტულად რას და ვის, მისთვის უცნობია.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, ადგილზე მთელი დღე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.