ჰეროინისა და სხვა ნარკოტიკული საშუალებების შეძენა შენახვა გასაღებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 11 პირი დააკავა. მათ შორის 1 ქალია, ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე, ასაკით ყველაზე პატარა 19 წლისაა, ყველაზე ხანდაზმული კი 75 წლის მამაკაცი.
მოსამართლის განჩინებით მოპოვებული ფარული ჩანაწერებით ირკვევა, რომ დაკავებულები ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას საკუთარი ავტომობილებიდან ახორციელებდნენ.
სპეცოპერაცია მთელი კვირის განმავლობაში, რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა. რეალიზატორები ფონიჭალის დასახლებაში, ნაძალადევის რაიონსა და სოფელ ყარაჯალაში აიყვანეს.
სასამართლომ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 4 პირს წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. დანარჩენების აღკვეთის ღონისძიებაზე 48 საათის განმავლობაში იმსჯელებენ.
დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. საქმეზე გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.