28 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
რძის პროდუქტების კონტეინერით შემოპარული ექსპრეზიდენტი - რა გზა გაიარა მიხეილ სააკაშვილმა ფოთში ჩამოსული გემიდან თბილისისკენ

მიხეილ სააკაშვილის საქმეში, ბრალდების მიხედვით, გიორგი ნარიმანიძე ერთ-ერთი მთავარი ტრანსპორტიორი და გამცილებელია. ოფიციალური ვერსიით, მან საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, ყოფილ პრეზიდენტთან ერთად ყველაზე დიდი მანძილი დაფარა. აბაშიდან თბილისამდე სწორედ ნარიმანიძე მართავდა რძის პროდუქტებით დატვირთულ ავტომობილს, რომლის აღურიცხავი მგზავრი სააკაშვილი იყო. 

საქმეზე დაკავებულ სხვა პირებს წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდეს, მათ შორის, ბრალი დამძიმდა ელგუჯა ცომაიას შემთხვევაში. თავდაპირველად, მისი დაკავების საფუძველი სააკაშვილისთვის ბოლო სამალავის, სანზონაში მდებარე ბინის დათმობა იყო, თუმცა, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, საქმეში ის ყველაზე მნიშვნელოვანი იმპორტიორი და გადამზიდია. სწორედ ცომაიას ეკუთვნის რძის პროდუქტების კონტეინერი, რომელიც უკრაინაში დაიტვირთა და ფოთში ჩამოიტვირთა. "ვილნიუსი" - ასე ჰქვია გემს, რომლის ბორტზე ყოფილი პრეზიდენტი კონტეინერში იყო მოთავსებული. 

გამოძიების ინფორმაციით, ფოთში ჩამოტვირთვის შემდეგ, მისაბმელიანი ავტომობილი ტერმინალიდან ცომაიამ გამოიყვანა; შემდეგ, სააკაშვილმა, ჯერ ამავე მანქანის კაბინაში, მოგვიანებით კი, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან "მერსედესის" მარკის ავტომობილში გადაინაცვლა. "მერსედესში" ისხდნენ მისი მფლობელები მამა-შვილი - შალვა და ზურაბ წოწორიები. პირველ მისამართზე, აბაშის რაიონის სოფელ ტყვირში სააკაშვილი სწორედ წოწორიებთან და ცომაიასთან ერთად გაემგზავრა. 

ვიდრე ყოფილი პრეზიდენტი თბილისში იმავე სატვირთო ავტომობილით გამოემგზავრებოდა, რომლითაც საზღვარი გადმოკვეთა, მის მარშრუტში კიდევ ერთი მოკლე, თუმცა შინაარსით დატვირთული მოგზაურობა იყო. ბრალდების მიხედვით, სააკაშვილი ასევე ელგუჯა ცომაიასთან ერთად "ფორდ ტრანზიტით" გაემგზავრა ბათუმში. სწორედ აქ ჩაწერა ვიდეომიმართვები, რომელთა 1 ოქტომბრის დილით გავრცელებამ საზოგადოების დიდი დაბნეულობა გამოიწვია. 

იმ დროს, როდესაც მთელი ინტერესი სააკაშვილის მიერ დაჯავშნილ კიევი - თბილისის რეისზე იყო მიმართული, აღმოჩნდა, რომ ის არა ჰაერით და შეძენილი ბილეთით, არამედ ზღვით, თანაც ორი დღით ადრე და სატვირთო რეისით, მალულად შემოვიდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ამ ფაქტს "პრეზიდენტის კონტრაბანდა" უწოდა. 

საზღვრის უკანონო კვეთაში ხელშეწყობა და მძიმე დანაშაულის დაფარვა - ამ ბრალდებით წინასწარ პატიმრობაში უკვე ოთხი პირი იმყოფება, თუმცა, გამოძიება არ დასრულებულა და, შესაძლოა, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს. საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე დამატებითი ბრალი უშუალოდ მიხეილ სააკაშვილსაც აქვს წარდგენილი.

დღის ამბები