28 ნოემბერი 2024,   06:56
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის პირველი გამოჩენა გისოსებს მიღმა 20-დღიანი შიმშილობის შემდეგ - ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპზე, სტაბილურია

საპატიმროში მყოფი მიხეილ სააკაშვილი გარეთ შეკრებილ მხარდამჭერებს გისოსებიდან მიესალმა. საკანი მისი თანამებრძოლები ამბობენ, რომ #320-ის პატიმარი გზისპირა, ფანჯრიან ოთახში ტექნიკური პროცედურების გამო მოხვდა და მხარდამჭერებთან მისალმების საშუალება ხელიდან არ გაუშვა. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები, რომლებიც რუსთავის ციხესთან დილიდან მივიდნენ, ამბობდნენ, რომ პოლიტიკური ლიდერის გასათავისუფლებლად პროტესტსა და აქციებს კვლავ განაგრძობენ. პენიტენციურ დაწესებულებასთან მობლიზებული იყო პოლიციაც.

გლდანი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულება - გადავა თუ არა ახალ მისამართზე ყოფილი პრეზიდენტი, უახლოეს საათებში უნდა გაირკვეს.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისთვის გლდანში მდებარე ციხის საავადმყოფოში შესაბამის ინფრასტრუქტურას რომ ამზადებენ, ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ექსკლუზიურად "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა. რატი ბრეგაძე ამბობს, რომ სამკურნალო დაწესებულებაში მოშიმშილე პაციენტის ჯანმრთელობის მართვა უპრობლემოდ მოხდება.

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ ამ ეტაპზე სტაბილურია - ეს ინფორმაცია მედიას კახეთში მყოფმა ჯანდაცვის მინისტრმა მიაწოდა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანა, ჯერჯერობით, არ იგეგმება.

უკვე 21-ე დღეა, რაც, დაკავების დღიდან, მიხეილ სააკაშვილი პროტესტის უკიდურესი ფორმას მიმართავს.

დღის ამბები