28 ნოემბერი 2024,   07:01
ვრცლად
ამ წუთებში, სასამართლო სააკაშვილის საქმეზე დაკავებული სატვირთოს მძღოლის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს

ამ წუთებში, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დაკავებულის სასამართლო სხდომა იმართება - სასამართლო გიორგი ნარიმანიძის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს.

პროკურორები ეცდებიან გიორგი ნარიმანიძე დატოვონ პატიმრობაში და, შემდეგ ეტაპზე, დაადასტურონ ბრალდება. ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ ნარიმანიძემ იცოდა სააკაშვილის შესახებ და მან პირადად განახორციელა მისი ტრანსპორტირება აბაშიდან თბილისამდე.

პროკურატურა ეცდება დაამტკიცოს ადვოკატის აცილების საჭიროებაც - რადგან ნარიმანიძის ადვოკატი იცავს ამ საქმეზე დაკავებული წოწორიების ინტერესებსაც. 

ადვოკატები ბრალდებას არ იზიარებენ და ამბობენ, რომ გიორგი ნარიმანიძეს არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან. თავის მხრივ, ადვოკატები მოსამართლის აცილებას ითხოვენ და ამბობენ, რომ საქმეზე იგივე მოსამართლე მსჯელობს, რომელმაც გიორგი ნარიმანიძის დაკავების უფლება გასცა, შესაბამისად, მიიჩნევენ, რომ მას აღკვეთის ღონისძიების სახეზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და ეს პატიმრობა იქნება. 

ადვოკატი შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ პროკურატურა პროცესიდან ადვოკატის ჩამოშორებას უკანონოდ ცდილობს. 

"პროკურატურამ ვერ მოახერხა პროცედურულად გამართულად წაეყვანა პროცესი და პროცედურულად, საპროცესო ნორმების დაცვით, განეხორციელებინა ბრალდებაც კი. ამის ნათელი დადასტურებაა ის ფაქტიც, რომ ბრალდების მხარე შეეცადა ადვოკატის ჩამოშორებას საქმიდან და სატელეფონო კომუნიკაციით აცნობა, რომ თურმე საქმეს ჩამოაშორა პროკურატურამ ბრალდებულის ადვოკატი, რაც სრული სამართლებრივი აბსურდია, რადგან ადვოკატს აქვს თუ არა აცილების საფუძველი, ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება,"-აცხადებს ადვოკატი. 

საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით კი საქმეში საკმარისი მტკიცებულებაა გიორგი ნარიმანიძის ბრალეულობის დასამტკიცებლად. 

"მისთვის კარგად იყო ცნობილი, რომ მიხეილ სააკაშვილი მის ავტომობილში, იყო ძებნილი და მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს არაერთი მოწმის გამოკითხვა, ასეულობით საათის ვიდეომასალა, ასევე, სხვა წერილობითი და ათეულობით ნივთიერი მტკიცებულება, რომელიც ასაბუთებს, ამ შემთხვევაში, გიორგი ნარიმანიძის და, ასევე, სხვა ბრალდებულების ბრალეულობას,"-აცხადებს პროკურორი. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე, სატვირთოს მძღოლი გიორგი ნარიმანიძე გუშინ აიყვანეს. ამ საქმის ფარგლებში, კიდევ სამი პირია დაკავებული.

დღის ამბები