28 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
შიმშილობის მე-20 დღე - მიხეილ სააკაშვილი საკვების მიღებაზე უარს აცხადებს, თუმცა მედიკამენტოზურ მკურნალობას თანხმდება 

შიმშილობის მე-20 დღეს მედიკოსებმა ექსპრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცეს, თუმცა მიხეილ სააკაშვილი ჯერჯერობით სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში რჩება. დღესვე რუსთავის ციხიდან ახალი წერილი გამოვიდა.

წერილში, რომელსაც დიმიტრი საძაგლიშვილი კითხულობს, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილი მედიკამენტოზურ მკურნალობას თანხმდება. როგორც ექსპრეზიდენტი წერს, ექიმების ჩარევას მხოლოდ იმიტომ დასთანხმდა, რომ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში იყოს ჩართული.

პატიმარი, რომელსაც დღის განმავლობაში ყველაზე მეტი მნახველი ჰყავს, სტუმრების სიმცირეს არც დღეს უჩიოდა. ტრადიციულად მის მოსანახულებლად და ყოველდღიური პოლიტიკური სამოქმედო გეგმის განსახილველად მასთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები იმყოფებოდნენ. 20 დღიანი შიმშილობის ფონზე ექსპრეზიდენტის ფიზიკური მდგომარეობა მისმა პირადმა ექიმმა შეამოწმა. ნიკოლოზ ყიფშიძე რუსთავის ციხესთან დღის მეორე ნახევარში გამოჩნდა.

მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის შესახებ რეკომენდაცია იმ მედიკოსებმა გასცეს, რომლებიც მოშიმშილე ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას პირადად გაეცნენ. რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ექიმების 6 კაციანი ჯგუფი გუშინ შევიდა. კონსილიუმის პარალელურად, იუსტიციის სამინისტროში მსჯავრდებულის უფლებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის ჯგუფის წევრებიც შეიკრიბნენ.

მიხეილ სააკაშვილის შიმშილობით გამოხატული პროტესტი გრძელდება. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მისი ჰოსპიტალიზაცია და კლინიკური მკურნალობის დაწყება იგეგმება. 

 

დღის ამბები