28 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
გრიპის ვაქცინის ნაცვლად C ვიტამინი - ექიმი, რომელმაც მოქალაქეებს ე. წ. ვაქცინაცია ჩაუტარა, გაყალბებული სერტიფიკატით საქმიანობდა  

ექიმი, რომელმაც მოქალაქეების მტკიცებით, მათ გრიპის ვაქცინის ნაცვლად  С ვიტამინი გაუკეთა, ერთი წლის წინ გაყალბებული სერტიფიკატით საქმიანობდა, გოგელიას კლინიკას კი იმუნიზაციის ნებართვა საერთოდ არ ჰქონდა.

ამის შესახებ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა. ზაალ კაპანაძის თქმით, საქმე უკვე პროკურატურაშია. 

"რეგულირების სააგენტომ დაიწყო მოკვლევა. ამ წუთას, რეგულირების სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებიან კლინიკაში და ადგილზე სწავლობენ ვითარებას. აღნიშნულ კლინიკას იმუნიზაციის შეტყობინების ნებართვა არ ჰქონდა გამოგზავნილი, შესაბამისად, მას არ ჰქონდა იმუნიზაციის ჩატარების არანაირი უფლება. თვითონ რაც შეეხება ექიმს, მასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ 2020 წელს, რეგულირების სააგენტომ აღნიშნული ექიმი გამოავლინა როგორც უკანონო საქმიანობაში მონაწილე და მას ჰქონდა გაყალბებული სერთიფიკატები და ისე ახორციელებდა თავის საქმიანობას. ამ ექიმს შეფარდებული ჰქონდა პირობითი სასჯელი, რამდენადაც მე ვიცი,“ - აცხადებს ზაალ კაპანაძე.

გოგელიას კლინიკაში პოლიცია დღის პირველ ნახევარში გამოიძახეს. მოქალაქეები ექიმებს ოთხ კომპონენტიანი აცრის ნაცვლად, C ვიტამინის გაკეთებაში ადანაშაულებდნენ.

როგორც მოქალაქეები "კურიერთან" ყვებიან, ისინი კლინიკაში გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინით ასაცრელად მივიდნენ, თუმცა მედპერსონალს აღნიშნული ინექცია მათთვის არ გაუკეთებიათ, ხოლო როდესაც ვაქცინის შეფუთვის ჩვენება მოითხოვეს, მედპერსონალისგან უარი მიიღეს. საბოლოოდ კი უჯრაში C ვიტამინის ამპულები აღმოაჩინეს.

"ის საერთოდ გაიპარა, ხალათი დაყარა, ტელეფონი, ფეისბუქი ჩართული დატოვა, საფულე, ფული ყველაფერი დაყარა და გაიპარა. თვითონ ექიმი, რომელიც არის დამფუძნებელი ამ კლინიკის,“ - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.

 

დღის ამბები