28 ნოემბერი 2024,   06:48
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთაზე ბრალს აცნობენ - მასთან პროკურორი შევიდა

მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთაზე ბრალს აცნობენ - რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე შევიდა პროკურორი, ადგილზე იმყოფებიან ექსპრეზიდენტის ადვოკატებიც.

ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილს გამოძიება 344-ე მუხლის პირველ ნაწილს ედავება, რაც საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს. ბრალის წარდგენიდან 24 საათის შემდეგ უნდა ჩაინიშნოს სასამართლო სხდომა, თუმცა რადგან მიხეილ სააკაშვილი უკვე მსჯავრდებულია, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიმართება სასამართლო პროცესი. 

"პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ბრალის შესახებ დადგენილება გამოიტანა, რაც საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტს გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ჩატარებულია ასეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოთხოვილია არაერთი ვიდეო მასალა, ასევე ამოღებულია ტელეფონები, მოპოვებულია ანძებზე ინფორმაცია ნომრებთან დაკავშირებით, ამის შედეგად კი დადგენილია, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარზე შემოსვლაში დაეხმარა ელგუჯა ცომაია, რომელიც ასევე ბრალდებულია დანაშაულის დაფარვაში. არიან ასევე ბრალდებულები, ვინც იცოდა რომ სააკაშვილი ძებნაში იყო და არ შეატყობინეს ეს სამართალდამცველებს," - აცხადებს პროკურორი ლევან ვეფხვაძე.

ბრალის დადგენილების გამოტანაზე საგამოძიებო უწყებაში ბრიფინგი ერთი საათის წინ გაიმართა, სადაც ისაუბრეს ექსპრეზიდენტის ქვეყანაში შემოსვლის დეტალებსა და მისი გადაადგილების მარშრუტზე. ამ ინფორმაციის საფუძველზე საზღვრის უკანონო კვეთის საქმის ფარგლებში დაკავებულ ელგუჯა ცომაიას ბრალი დაუმძიმეს.

სულ ექსპრეზიდენტის შემოყვანის საქმეზე ოთხი პირია დაკავებული. 

დღის ამბები