28 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
"ვაქცინაციაზე უარი უნდა ვთქვათ, როგორც პანდემიის შემაჩერებელ ინსტრუმენტზე, სამწუხაროდ.." - ივანე ჩხაიძე ფიქრობს, რომ აცრების გარეშე ქვეყანაში მძიმე მდგომარეობა დიდ ხანს შენარჩუნდება

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე "დღის კურიერის" ეთერში ამბობს, რომ ვაქცინაციის გეგმის შესრულება სულ უფრო არარეალურად ეჩვენება.  მისი თქმით, თუ ვაქცინირებულთა სტატისტიკის დღიური მაჩვენებელი არ მოიმატებს, ქვეყანას არსებულ რეჟიმში კიდევ მინიმუმ 1 წელიწადი მოუწევს ცხოვრება.

ასევე ივანე ჩხაიძე ხაზს უსვამს პირბადის ტარების რეგულაციის შეუსრულებლობას და ამბობს, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი მკვეთრად დაეცა.

"ვაქცინაციაზე, ალბათ, უარი უნდა ვთქვათ, როგორც პანდემიის შემაჩერებელ ინსტრუმენტზე, სამწუხაროდ ასეა. ეს იმას ნიშნავს, რომ 3-4-5 ათასი ვაქცინირებული ადამიანი ყოველდღიურად არ არის ის ციფრი, რომელიც ქვეყანაში პანდემიის კონტროლის შესაძლებლობას მოგვცემს," - განაცხადა ჩხაიძემ. 

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ გეგმა ჩავარდა, ივანე ჩხაიძე პასუხობს:

"მე ასე ვფიქრობ, იმიტომ, რომ გეგმის ბოლომდე, 31 დეკემბრამდე, დაგვრჩა სულ რაღაც 2 თვეზე ცოტა მეტი იმისთვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ და მოსახლეობის 60% ავცრათ, დღეიდან დაწყებული წლის ბოლომდე გვჭირდება 30-35 ათასი ვაქცინირებული. მარტივი დასათვლელია, 800 ათასი ადამიანი დარჩა ქვეყანაში ორჯერადად ასაცრელი, რომ ჩვენ მივაღწიოთ ამ მაჩვენებელს, ანუ მილიონ 600 ათასი დოზა ვაქცინა უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენ 31 დეკემბერს ვთქვა, რომ როგორც იქნა მოახერხა საქართველომ და აკონტროლებს პანდემიას, მოსახლეობის 60% არის ვაქცინირებული.

არ მგონია და ძალიან გამიხარდება თუ შევცდები, რომ ჩვენ მომდევნო დღეებში 30-35 ათას ვაქცინირებულს ვნახავთ. ამიტომ, ეს პროცესი გაიწელება. 3-4 ათასი ვაქცინირებული დღეს არის, მაგრამ მათ შორის არც თუ ის ცოტაა მეორე ვიზიტზე მისული ადამიანის რაოდენობა, თანდათან მცირდება პირველ დოზაზე მისული ადამიანის რიცხვი.

შესაბამისად, თუ ამას დათვლით, გამოდის, რომ მინიმუმ 1 წელი ქვეყანა უნდა ცხოვრობდეს ასეთ რეჟიმში," - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

დღის ამბები