28 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
თანახმა ვარ ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე თანახმაა. ამის შესახებ სააკაშვილი მორიგ წერილშია ნათქვამი.

სააკაშვილი წერილში აღნიშნავს, რომ ვიდრე ის დაპატიმრებულია, საკვებს არცერთი ფორმით არ მიიღებს.

"ჩემი პოზიცია შიმშილობასთან დაკავშირებით არის შემდეგი: ყველა ჩემი ნაბიჯი იყო ნაკარნახევი მთავარი მიზნით, დავეხმარო ქართველ ხალხს ჭაობიდან თავის დაღწევაში. ჩამოვედი ისე, რომ არ მომხდარიყო შეტაკებები და არავინ არ დაზარალებულიყო. ასევე მოვუწოდე სხვებს შიმშილობის შეწყვეტისკენ და ვშიმშილობ მხოლოდ მე ერთადერთი მოთხოვნით, შეწყდეს მართლმსაჯულების უსამართლო, პოლიტიკური დევნისთვის გამოყენება და დავუბრუნდეთ ნორმალურ დემოკრატიულ პროცესს, სადაც ხალხი იღებს გადაწყვეტილებებს ძალდატანების და გაყალბების გარეშე.
 
სანამ დაპატიმრებული ვარ, საკვებს არ მივიღებ არც ერთი ფორმით და მზად ვარ სიკვდილისთვისაც.
 
ამავე დროს, მინდა ბოლომდე შემრჩეს საღი აზროვნება და შრომისუნარიანობა. ამიტომ თანახმა ვარ, ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე, რომელიც დამეხმარება გონზე ყოფნაში და თუნდაც ძალიან შეზღუდულად მაგრამ მაინც მიმდინარე მოვლენებში მონაწილეობის მიღებაში, რათა სადამდეც შემეძლება, გამოვადგე საქართველოს.
ახლა საზოგადოება ძალიან მობილიზებულია და მიუხედავად ჩემი პირადი მდგომარეობისა, როგორც არასდროს, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი," - წერს სააკაშვილი.

გუშინ, 19 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად ციხეში ექიმთა კონსილიუმი იმყოფებოდა. 

როგორც სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, მათ კონსილიუმის დოკუმენტები განიხილეს და პრევენციული ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცეს.

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი მე-20 დღეა შიმშილობს.

დღის ამბები