28 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
"ბრაზილიის პრეზიდენტი მკვლელობის მუხლით უნდა გასამართლდეს"- რა წერია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ მკვლელობის მუხლით უნდა გასამართლდეს, მისი როლისთვის კორონავირუსით გარდაცვლილთა კატასტროფულ რაოდენობაში - "გარდიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ ბრაზილიის კოვიდ კრიზისის სენატის საგამომძიებლო კომისიის დასკვნის მონახაზში ვკითხულობთ.

1078-გვერდიანი დოკუმენტი ბრაზილიურმა მედიამ სამშაბათ საღამოს გაავრცელა. მასზე კენჭისყრა მომდევნო კვირამდე არ არის დაგეგმილი და, შესაძლოა, ცვლილებები კვლავ იქნეს შეტანილი სენატორთა მიერ.

ჯერ დაუმტკიცებელ დოკუმენტში ნაჩვენებია ბოლსონარუს ადმინისტრაციის გულგრილი, არაკომპეტენტური და ანტი-სამეცნიერო რეაგირება საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემის მიმართ, რომელმაც გამოიწვია 600 ათასი ბრაზილიის მოქალაქის გარდაცვალება, მათ შორის, ბოლსონარუს "მიზანმიმართული და შეგნებული" გადაწყვეტილება ვაქცინის შესყიდვის გადადებასთან დაკავშირებით მაშინ, როცა ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდებოდა. 

დასკვნა ბრაზილიის კონგრესის 6-თვიანი გამოძიების შეჯამებაა, რომელიც ქვეყანაში 2020 წლის თებერვლიდან მიმდინარე უმწვავეს კოვიდ კრიზისს იძიებდა.

დოკუმენტში ბრაზილიის ულტრამემარჯვენე ლიდერი 11 სხვადასხვა დანაშაულშია მხილებული, მათ შორისაა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, დანაშაულის წაქეზება და შარლატანიზმი, რაც მის მიერ არაეფექტური ანტიმალარიული მედიკამენტების "ჯიუტ" რეკლამირებაში გამოიხატა.

თუმცა, ყველაზე სერიოზული ბრალდება ბოლსონარუს მიერ ვაქცინის მწარმოებელთა შემოთავაზებების იგნორირებაა პანდემიის პირველ წელიწადში. დოკუმენტში ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა ექსპერტების და საერთაშორისო ავტორიტეტების მოსაზრებები, რამაც საბოლოოდ უამრავი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. ხოლო მისი გადაწყვეტილებები კი ეფუძნებოდა უსაფუძვლო მტკიცებას ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავების შესახებ.

ბოლსონარუ, რომელიც უკვე 3 წელია ქვეყნის პრეზიდენტია, სავარაუდოდ, არ გახდება სისხლისსამართლებრივი დევნის ობიექტი, ყოველ შემთხვევაში, იქამდე, სანამ საპრეზიდენტო ვადა არ ამოეწურება. თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ საგამომძიებლო კომისიის დასკვნა მას დიდ პოლიტიკურ ზიანს მიაყენებს, მითუმეტეს, იმ ფონზე, როდესაც 2022 წელს იგი კვლავ გეგმავს კენჭი იყაროს საპრეზიდენტო არჩევნებში. გამოკითხვების მიხედვით, მისი რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა და ამ შედეგით, ის მემარცხენე კონკურენტ ლუის ინასიუ და სილვასთან დამარცხდება.

თავად ჟაირ ბოლსონარუს დოკუმენტთან დაკავშირებით საჯარო კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა, მისმა სენატორმა ვაჟმა ფლავიო ბოლსონარუმ მას მამამისის საზიანოდ დადგმული "შემაძრწუნებელი, სამწუხარო და სამარცხვინო სპექტაკლი" უწოდა.

 

 

დღის ამბები