28 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
2 მოკლული მიწის ნაკვეთის გამო - გურჯაანში მამაკაცმა საკუთარი ბიძაშვილი ცოლთან ერთად სასიკვდილოდ გაიმეტა  

გურჯაანში 71 წლის მამაკაცმა საკუთარი ბიძაშვილი და მისი მეუღლე სასიკვდილოდ გაიმეტა. ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მამაკაცი ცეცხლნასროლი ჭრილობით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მკვლელობა მიწის ნაკვეთზე მრავალწლიან დავას უკავშირდება. ახლო ნათესავები და მეზობლები მამაკაცმა სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა. 

კონფლიქტს ადასტურებს დაკავებულის მეუღლე, თუმცა მოკლულთა ოჯახის წევრები დანაშაულის მოტივად ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებენ. მკვლელობისთვის დაკავებული მამაკაცი ბრალის წარდგენის მოლოდინშია. 

მამაკაცი, რომელიც საკუთარი ბიძაშვილის და რძლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, 71 წლის ალექსანდრე ზარდიაშვილია. მკვლელობის მოტივად კი, სამეზობლო დავა სახელდება. ალექსანდრე ზარდიაშვილმა დანაშაულის ჩადენის ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ის ცხელ კვალზე დააკავეს.

ერთ-ერთი ვერსიით, ზარდიაშვილების ორი ოჯახი მომიჯნავე ნაკვეთის გამო წლებია დავობს. კონფლიქტის ვერსია დაადასტურა დაკავებულის ყოფილმა მეუღლემაც. ის პოლიციამ უკვე გამოკითხა.

მოკლული ცოლ-ქმრის ოჯახი ნათესავთან ქონებრივ დავას გამორიცხავს და მომხდარს დაკავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირებს.

71 წლის მამაკაცს ბრალის დადასტურების შემთხვევაში 16-20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

 

 

 

დღის ამბები