28 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
უსაფრთხოების შეთანხმება რუსეთთან დაძაბულობის ფონზე - რა საერთაშორისო შეფასება მოჰყვა აშშ-ის თავდაცვის მდივნის საქართველოში ვიზიტს

ამერიკის თავდაცვის მდივნის საქართველოში ჩამოსვლას ყურადღებით ადევნებდნენ თვალს, უსაფრთხოების სფეროში ამერიკელი სპეციალისტები. შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი NATO-ში კურტ ვოლკერი განმარტავს, რომ რომ რეგიონში, რომელშიც რუსეთი აგრესიულად იქცევა, უსაფრთხოების მიმართ ამერიკის ვალდებულების ჩვენება დროული იყო.

ამერიკის ყოფილი ელჩი NATO-ში იმედოვნებს, რომ რეგიონში ამ ვიზიტით შესაძლოა იწყებოდეს ამერიკის უფრო მეტად აქტიური პოლიტიკა, რეალისტურ დროში NATO-ს წევრობაზე საუბრის დასაწყებად. ის განმარტავს, რომ ეს არ მოხდება დღეს და ხვალ, ქვეყნებს ბევრი სამუშაო აქვთ ჩასატარებელი და კონსენსუსი არც NATO-შიავოლკერი ამბობს, რომ საქართველომ და უკრაინამ მზადყოფნისთვის ყველაფერი შესაძლებელი უნდა გააკეთონ, რადგან ამის დრო საბოლოოდ მოვა.

"ძალიან პოზიტიური ნაბიჯი იყო და გრძელვადიანი ვალდებულების ჩვენების განზრახვა, საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის ყველა სახელმწიფოს მიმართ. რუსეთი ძალიან აგრესიულად იქცევა საქართველოს და უკრაინის მიმართ, ასევე შავ ზღვაზე. გრძელვადიანი ვალდებულების ჩვენება დროული იყო. ის სტუმრობს შავი ზღვის სამ ქვეყანას - საქართველოს, უკრაინას და რუმინეთს. შემდეგ კი ესწრება ნატოს თავდაცვის მინისტერიალს. ვფიქრობ, ეს შეერთებული შტატების მხრიდან რეგიონის უსაფრთხოების მხარდაჭერის ძლიერი მაჩვენებელია. რომ ჩვენ უმოქმედოდ არ ვართ რეგიონში, რუსეთის დომინირების წინაშე"- აცხადებს აშშ-ის ყოფილი ელჩი NATO-ში კურტ ვოლკერი.

​ვიზიტი შეაფასა ჰადსონის ინსტიტუტის ანალიტიკოსმა რიჩარდ უეითზმაც, რომელმაც ამ ვიზიტის დაწყებამდე თქვა, რომ ბრიუსელში მინისტერიალში მონაწილეობამდე, საქართველოს და უკრაინის მონახულება საჭირო გადაწყვეტილება იყო, რათა ვაშინგტონს ეჩვენებინათ ნატოელი მოკავშირეებისთვის, რომ ეს ქვეყნები მნიშვნელოვანია.

"ახლანდელ შეთანხმებას, რომელიც 3 წელიწადს გაგრძელდა, ვადა გასდიოდა. ან უნდა დაესრულებინათ პროგრამა, ან გაეგრძელებინათ. საინტერესოა, რომ 3-ის ნაცვლად, 6 წლით გააგრძელეს. ეს ნიშნავს იმას, რომ კმაყოფილები არიან წინა 3 წლით და ახლა უნდათ სხვა მხარეების დაფარვაც და უფრო ღრმა ინტეგრაცია. კარგია ნიშანია, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობა თავდაცვასა და უსაფრთხოებაში მტკიცე იქნება შემდეგ წლებშიც, ამ ქვეყნებში პოლიტიკური ვითარების მიუხედავად. კარგია, რომ ეს ადმინისტრაცია უჩვენებს მის მტკიცე ვალდებულებას საქართველოს სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის მიმართ," - ამბობს რიჩარდ უეითზი.

რიჩარდ უეითზი ამბობს, რომ გზავნილები ჩანდა როგორც ნატოელი მოკავშრეებისთვის, საქართველოსა და უკრაინის მნიშვნელობაზე, ასევე მოსკოვისთვისაც, რომ შავი ზღვის ეს ქვეყნები თავდაცვის კუთხით, შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორები არიან. ანალიტიკოსები საუბრობენ შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და ეს არის საკითხი, რომელიც წარმოადგენდა ერთ-ერთ მთავარ ხაზს, დასავლურ მედიაში ამერიკის თავდაცვის მინისტრის საქართველოში ვიზიტის გაშუქების დროს

"შეერთებული შტატები რუსეთთან დაძაბულობის ფონზე აგრძელებს უსაფრთხოების შეთანხმებას საქართველოსთან" - ამ სათაურით ვრცელ სტატიას "ვაშინგტონ პოსტი" აქვეყნებს. პუბლიკაციაში საუბარია შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის თბილისში ვიზიტზე და მის მნიშვნელობაზე. სტატიაში წერია რომ ლოიდ ოსტინმა ორშაბათს ხელი მოაწერა უსაფრთხოების ახალ შეთანხმებას ქართველ კოლეგასთან, რომელიც რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეების ფონზე ახანგრძლივებს შტატების ძალისხმევას მოკავშირე ჯარების მომზადებას.

"ოსტინის საქართველოში, უკრაინასა და რუმინეთში სტუმრობა აღიარებაა იმ შრომის, რაც ნატოს მისიებში ამ ქვეყნებმა გასწიეს. თავდაცვის მდივნის მოგზაურობა ასევე უტყუარი პასუხია რეგიონში გაზრდილი რუსული აგრესიისადმი, რომელიც სავარაუდოდ ბრიუსელში ფართოდ განიხილება.შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს მიმდინარე ოკუპაციას და მის ძალისხმევას გააძლიეროს გავლენა შავი ზღვის რეგიონში სამხედრო იძულების და მავნე მოქმედებების გზით. ეს არის მნიშვნელოვანი რეგიონი და მისი უსაფრთხოება და სტაბილურობა გადამწყვეტია,"- ნათქვამია "ვაშინგტონ პოსტის" სტატიაში.

შეერთებული შტატების თვადაცვის მდივნის თბილისში ვიზიტზე წერს საერთაშორისო მედია. "ესოშიეითიდ პრესის" სტატიაში ნათქვამია რომ თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ამერიკის მხრიდან საქართველოს სამხედროებისთვის მხარდაჭერა 6 წლით გააგრძელა. ოსტინმა თქვა, რომ შეერთებული შტატების მხარდაჭერა ყოფილ საბჭოთა ქვეყანას დაეხმარება შავ ზღვაზე ეფექტური შემაკავებელი ძალა და თავდაცვა ააშენოს.

ოსტინის ვიზიტზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს "ეიბისი ნიუსიც". პუბლიკაციაში ხაზგასმულია პენტაგონის ხელმძღვანელის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობა და ნათქვამია რომ შეერთებული შტატების მხარდაჭერა მოიცავს ქართულ ძალებთან სამხედრო წვრთნებში მონაწილეობასაც. "ოსტინის აღმოსავლეთ ევროპაში ვიზიტი ნიშნავს რომ ნატოს კარი ამ ქვეყნებისთვის ღიაა" - წერს "ვაშინგტონ თაიმსი". გამოცემა "ჰილსი" კი წერს, რომ ოსტინის ვიზიტი და საქართველოსთან გაგრძელებული მხარდაჭერა წარმოადგენს უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვან ახალ ფაზას ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სფეროში.

დღის ამბები