28 ნოემბერი 2024,   07:01
ვრცლად
ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმე - დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ

ამ წუთებში ანასტასია შატალოვას საქმეზე დაკავებულებისთვის ბრალის ოფიციალურად წარდგენის პროცესი მიმდინარეობს, არც ერთი დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს. დაკავებულები ამბობენ, რომ 25 წლის ქალთან შეხება არ ჰქონიათ. დეტალებზე მედიასთან ადვოკატებმა ისაუბრეს.

საქმის დეტალურად გაცნობისთვის ბრალის დადგენილების გადაცემას ელოდება ლევან რაჯავის ადვოკატი გელა ჩივაძე:

"ლევან რაჯავს ედავებიან რაღაც დანაშაულის დაფარვას, ჩვენთვის უცნობია რა დანაშაულის დაფარვას ედავებიან. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი განმარტავს, რომ მას მხოლოდ და მხოლოდ ეკითხებოდნენ სად არის ის კაცი და რატომ ფარავ დანაშაულს, ეს არის სულ. როგორც კი გადმოგვეცემა ბრალის დადგენილება და წაუყენებენ ბრალს, მერე უკვე ვრცლად ვისაუბრებთ რა პრეტენზიები აქვთ მას გამოძიებას," - აცხადებს გელა ჩივაძე.

25 წლის ქალის მკვლელობის საქმესთან მისი დაცვის ქვეშ მყოფის კავშირს უარყოფს ბექა ლატარიას ადვოკატი გიორგი ლაღიძეც. 

"მასალებიდან ნათელი გახდება რას გვედავებიან, რომელი მუხლითაა დაწყებული გამოძიება და რაში ედება ბრალი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. შატალოვასთან დაკავშირებით რა კითხვებიც ისმოდა, ამ ნაწილში საერთოდ ბრალს არ ვაღიარებთ. ბევრი მტკიცებულება არსებობს რაც დაადასტურებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობას," - აცხადებს გიორგი ლაღიძე.

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმის ფარგლებში სამი პირი: ბიძინა ხასია, ბექა ლატარია და ლევან რაჯავია დაკავებული, მათ გამოძიება დანაშაულის დაფარვას და ნარკოტიკული საშუალების შეძენა - შენახვას ედავება.

25 წლის ანასტასია შატალოვა გაზაფხულის ქუჩაზე 17 ოქტომბერს გვიან ღამით მოკლეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დღის ამბები