მელბურნში ყველაზე ხანგრძლივი ლოქდაუნი სრულდება. 5 მილიონიანი ქალაქი მომავალი კვირიდან გაიხსნება, ამის მიზეზი კი იმუნიზაციის მაღალი მაჩვენებელია. შტატის მოსახლეობის 89% - 1 დოზით არის აცრილი, რის გამოც მოსახლეობისთვის სახლში დარჩენა სავალდებულო აღარ იქნება. სრულად აცრილ ადამიანებს კი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების სტუმრობის შესაძლებლობაც მიეცემათ. ვიქტორიის შტატში ადგილობრივი ხელისუფლება დახურულ სივრცეში პირბადის ტარების რეკომენდაციას 3 წლის ასაკიდან გასცემს.
ზედიზედ უკვე მეოთხედ ინფიცირების დღიური რეკორდული რაოდენობა ფიქსირდება გაერთიანებულ სამეფოში. ქვეყანაში მხოლოდ ერთ დღეში 44 ათასამდე შემთხვევა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ინფიცირების მაჩვენებელი მზარდია ახალგაზრდებში. გრიპის სეზონის დადგომასთან ერთად ექსპერტები შიშობენ, რომ საავადმყოფოებზე ზეწოლა გაიზრდება. ამის პრევენციისთვის კი საზოგადოებას აცრისკენ მოუწოდებენ.
ინფიცირების მზარდი შემთხვევების გამო ვილნიუსის სამიდან 2 ყველაზე დიდი საავადმყოფო იმ პაციენტების მიღებაზე უარს ამბობს, რომლებსაც გადაუდებელი დახმარება არ ესაჭიროებათ. ვილნიუსის მიმდებარე რეგიონებში კი კლინიკები შესაძლებლობების ამოწურვის ზღვარზეა. ჯანდაცვის ექსპერტები სიტუაციას კრიტიკულად აფასებენ და ამბობენ, რომ ჰოსპიტალიზაციის მაღალი მაჩვენებელი აუცრელ ადამიანებს უკავშირდება.
ვირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის კანადა. ბრიტანულ კოლუმბიაში ქვეყნის მასშტაბით იმუნიზაციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, რის გამოც ინფიცირების შემთხვევები მზარდია. რეგიონის დასავლეთ ნაწილში კი შეზღუდვები უკვე დაწესდა. საზოგადოება ვალდებულია პირბადე ატაროს, ღია და დახურულ სივრცეებში კი იკრძალება შეკრება. მაღალია ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი ალბერტაში, სადაც მოსახლეობას ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით რეკომენდაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.
საზოგადოებას აცრისკენ მოუწოდებენ რუსეთშიც. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ინფიცირების კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით რუსეთის რამდენიმე რეგიონში შეზღუდვები დაწესდა, სადაც თეატრები, კინოთეატრები და რესტორნები შეზღუდულად ფუნქციონირებენ.