28 ნოემბერი 2024,   07:00
ვრცლად
ვეტერანების გამოცდილება არის ის, რაც სჭირდება ამ ქვეყანას, ჩვენს თანამედროვე ჯარს და ჩვენს საზოგადოებას - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა ვეტერანებს, მოწვეულ სტუმრებს, პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს სიტყვით მიმართა და ვეტერანის დღე მიულოცა. 

"მინდა, პირველ რიგში, მოგილოცოთ თქვენ (ვეტერანებს) და მთელ საზოგადოებას დღევანდელი დღე, ვეტერანთა დღე, რომელიც 2014 წლიდან აღინიშნება და რომელიც ყველას გვაერთიანებს. რეალურად დღემდე ამ სხვადასხვა პერიოდის ვეტერანებმა მოგვიყვანეს და ამისთვის ჩვენ უაღრესად მადლიერნი ვართ.

ძვირფასო ვეტერანებო, თქვენ ხართ რეალურად ჩვენი საზოგადოების მაგალითი და ჩვენი საზოგადოების საყრდენი, იმიტომ რომ, თქვენ გაიგივებული ხართ არამხოლოდ ისტორიასთან და წარსულთან, არამედ მომავალთანაც. 

არ არსებობს საზოგადოება, რომელიც არ სცემს პატივს თავის ვეტერანებს და ჰყავს ძლიერი ჯარი. ვეტერანების დაფასებით იზომება ჯარის დაფასება. ჯარის შემართებაც ვეტერანების დაფასებაზე დგას და არა მხოლოდ, იმიტომ, რომ რეალურად დღევანდელ დღეს ჩვენი რეზერვი ხართ  და როგორც ვიცით, ახალ სტრატეგიაში ეს რეზერვი ჩვენს თავდაცვაში ძალიან მნიშვნელოვან როლს იძენს დ ა უფრო და უფრო მნიშვნელოვანია.

თქვენი გამოცდილება, თქვენი წარსული და თქვენი დღევანდელი პროფესიონალიზმი არის ის, რაც სჭირდება ამ ქვეყანას, რაც სჭირდება ამ ქვეყნის თანამედროვე ჯარს და რაც სჭირდება საზოგადოებასა და მის შემართებას, საზოგადოების გამოსვლა ერთგვარი დეპრესიიდან სწორედ თქვენს შემართებასა და ისეთ ადამიანებზეა დამოკიდებული, რომლებმაც იციან რისთვის იბრძოლეს წარსულში და რისთვის შეიძლება იყოს საჭირო მომავალში ბრძოლა. ეს პატრიოტიზმი არის ის, რაზეც ჩვენ ვდგავართ, მით უმეტეს პატარა ქვეყანა.

მე ვისურვებდი, რომ ვეტერანებს მიეცეთ საშუალება, რომ მივიდნენ სკოლებში და თვითონ გააცნონ ახალგაზრდებს, თუ რას ნიშნავს ვეტერანობა, რას ნიშნავს ეს პატრიოტული სულისკვეთება. მე მგონი, ამ კუთხით ჩვენ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ვეტერანების ისტორია ჩვენს ქვეყანაში განუყოფელია ჩვენი ქვეყნის ისტორიისაგან და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისგან, ამიტომაც არის აუცილებელი, რომ ეს ისტორია ყველამ იცოდეს, ისწავლოს და რაც მთავარია გაიგოს და დააფასოს. დაფასება არის პირველი ნაბიჯი გაგებისკენ.

მე დღეს, კიდევ ერთხელ, მინდა გამოვხატო მადლიერება თქვენ მიმართ, ქედს ვიხრი დაღუპული ვეტერანების წინაშე. მინდა, მადლიერება გამოვხატო, ასევე, თქვენი ოჯახების მიმართ, რომლებიც თქვენი ბრძოლისა და თქვენი შემართების ნაწილი არიან. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, გისურვოთ ჯანმრთელობა და დღეგრძელობა!"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დღის ამბები