დღეიდან იტალიის ყველა მოქალაქე, რომელიც საჯარო თუ კერძო სექტორშია დასაქმებული, ვალდებულია სამსახურში კოვიდ პასპორტი წარადგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სამსახურიდან ანაზღაურების გარეშე დაითხოვენ, ან ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწევს. იტალიამ მსოფლიოში ყველაზე მკაცრი კოვიდშეზღუდვების ამოქმედება ვაქცინაციის წასახალისებლად და მორიგი ლოქდაუნის თავიდან ასაცილებლად აამოქმედა. როგორც მთავრობაში აცხადებენ, პანდემიამ ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული დარტყმა მიაყენა, რის გამოც იტალია მორიგ კარანტინს ვეღარ გაუძლებს.
კოვიდ სერთიფიკატი სავალდებულოა საფრანგეთშიც, სადაც ჯანდაცვის ექსპერტები მოსახლეობას ეპიდემიის განახლების მნიშვნელოვანი რისკის შესახებ აფრთხილებენ. საფრანგეთში კანონმდებლები გეგმავენ საგანგებო მდგომარეობა მომავალი წლის 31 ივლისამდე გაახანგრძლივონ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ინფექციის გამოვლენის დღიური მაჩვენებელი 47%-ით, ჰოსპიტალიზაციის კი 38%-ითაა შემცირებული. შტატების პრეზიდენტის განცხადებით, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ დრომდე აუცრელია, ამიტომ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ვაქცინაციის ტემპების დასაჩქარებლად.
შტატების სურსათისა და მედიკამენტების მრჩეველთა კომიტეტის წევრებმა Moderna-ს ვაქცინის მესამე დოზის 65 წლის ზევით და რისკჯგუფებში გამოყენების რეკომენდაცია გასცეს. ე.წ. ბუსტერ დოზით იმ ადამიანების აცრა უნდა მოხდეს, რომლებმაც ვაქცინის მეორე დოზა მინიმუმ 6 თვის წინ გაიკეთეს.
ვაქცინაციის პროცესის დასაჩქარებლად დღეიდან კოვიდ სერთიფიკატის წარდგენა სავალდებულოა კანადის ალბერტას პროვინციაში. ინფიცირებულების მაღალი მაჩვენებელი აუცრელ მოქალაქეებზე მოდის.
მომდევნო კვირიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე დოზას შესთავაზებს ხელისუფლება მოქალაქეებს დანიაში. როგორც ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრა ნებისმიერ მსურველს შეეძლება, რომლებმაც იმუნიზაცია 6 თვის წინ ჩაიტარეს. ქვეყანაში მესამე დოზის გაკეთება პანსიონის ბენეფიციარებისა და რისკჯგუფებისთვის გასული თვიდან დაიწყო.
რეკორდული გარდაცვალებისა და ინფექციის შემთხვევები დაფიქსირდა რუსეთში. ინფიცირებულების დიდი ნაწილი აუცრელი მოქალაქეები არიან.
ბოლო 24 საათში ინფექციის 30 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა თურქეთში. ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში ინფექციის შემთხვევები მზარდია, დაავადებულთა უმეტესობა მოზარდები არიან.