28 ნოემბერი 2024,   06:48
ვრცლად
ინფორმაცია, თითქოს რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებაში არის ბუნტი და პატიმრებს გამოკეტილი ჰყავთ დაცვა, არის სიცრუე - პენიტენციური სამსახური

დღეს ხანძარი იყო ციხეში. ცეცხლი რუსთავის მე-17 პენიტენციური დაწესებულების სამზარეულოში გაჩნდა.

ადგილზე რამდენიმე სამაშველო ბრიგადა მუშაობდა და ამ დროისთვის, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. მომხდართან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა პენიტენციურმა სამსახურმა. უწყების ინფორმაციით სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული აზრი, თითქოს ციხეში არეულობა მოხდა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დაწესებულებას ელექტროენერგიის მიწოდება სახანძრო უსაფრთხოებიდან გამომდინარე შეუწყვიტეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

"ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებაში არის ბუნტი და პატიმრებს გამოკეტილი ჰყავთ დაცვა.

ეს არის სრული სიცრუე და იმ ბინძური დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

ხანძრის გამო, რომლის ლოკალიზების პროცესიც თითქმის დასრულებულია, პენიტენციურ დაწესებულებას, სახანძრო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ მიეწოდება ელექტროენერგია.

ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის შემდგომ ყველა პატიმარს მიეცემა ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან და პატივი სცენ ჩვენს საზოგადოებას.

N17 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის მინისტრი პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობასთან ერთად პირადად აკონტროლებს ადგილზე ვითარებას,"- ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები