28 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
"თავისუფლება მიშას" - "ნაციონალური მოძრაობის" სრული მობილიზაცია თბილისის თავისუფლების მოედანზე

თბილისში, თავისუფლების მოედანზე, "ნაციონალური მოძრაობის" სრული მობილიზაციაა, სადაც რეგიონებიდან კოლონებმა შემოსვლა დღის მეორე ნახევარში დაიწყეს.

აქცია-კონცერტი ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით უკვე 3 საათია მიმდინარეობს. "თავისუფლება მიშას" - ეს სიტყვები დააწერეს საქართველოს სახელმწიფო დროშებსაც, რომლებიც მოედანზე სააკაშვილის ფოტოებთან ერთადაა გამოფენილი, აქციაზე დღეს წითელი ვარდებიც გამოჩნდა.

მიტინგი მიხეილ სააკაშვილის წერილობითი მიმართვით დაიწყო. 7 საათიდან კი, თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებულ სცენაზე ერთმანეთს ცვლიან გამომსვლელები: "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და მომხრე ცნობილი სახეები. ისმოდა მეგრული სიმღერაც. თავად მიხეილ სააკაშვილი მის მხარდამჭერ აქციას რუსთავის ციხიდან ადევნებს თვალს.

"როგორც არასდროს, დღეს ყველა ამ ქვეყანაში და არამხოლოდ, თქვენი შემხედვარე არის ამაყი და დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის, დიდი მადლობა, რომ არსებობთ, დიდი მადლობა, რომ გული გიძგერთ ქართული პატრიოტიზმით, ხალხო, დღეს ძალიან ემოციური დღეა, ჩვენთვის, ყველასთვის, ძალიან ბევრი ემოცია ირევა ერთმანეთში,"- მიმართა მომხრეებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ.

იქამდე, პროტესტანტებს რუსთავის მერობის კანდიდატმა დავით კირკიტაძემაც მიმართა. 

"ჩვენ კარგად ვიცით, რა იყო მიზანი, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ ამ ბრძოლაში ჩვენთან ერთად ყოფილიყო: ეს არის უკეთესი საქართველო, ძლიერი საქართველო, ამისთვის ვიბრძვით სიყვარულით, ამისთვის ვართ აქ სიყვარულით. მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება დღეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის, ქალაქების და სოფლების თავისუფლებას,"- მიმართა დავით კირკიტაძემ მომხრეებს. 

დღის ამბები