28 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
კრემლის შეთავაზება და ქართული მხარის მტკიცე პოზიცია - რისკენ მოუწოდებს მოსკოვი თბილისს ჟენევის კონფერენციის 54-ე რაუნდის შემდეგ 

კრემლის შეთავაზება და ქართული მხარის მტკიცე პოზიცია - ჟენევის კონფერენციის 54-ე რაუნდის შემდეგ, მოსკოვი თბილისს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ძალის გამოუყენებლობის იურიდიული შეთანხმებისკენ მოუწოდებს.

მოსკოვი თბილისს დელიმიტაციასა და არაღიარებული საზღვრების დემარკაციას სთავაზობს. მათი საგარეო უწყების განცხადების მიხედვით, კრემლს კვლავ აშფოთებს საქართველოს დასავლური ვექტორი და ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარე ნატოს სამხედრო წვრთნები.

საქართველოს პოზიცია პრინციპულია, რუსეთის ფედერაციასთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია მოხდება ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში.

ყველანაირად განსხვავებულ პოლიტიკურ წრეებშიც კი საერთო აზრი აქვთ, რომ მოსკოვის შეთავაზებების სერიოზულად განხილვაც კი დანაშაულია. ის, რომ საოკუპაციო ხაზების დემარკაცია კრემლის პირითაც კი აბსურდულად ჟღერს, ყველასათვის ნათელია, თუმცა პოლიტიკოსები მეზობლის ჯიუტ მცდელობებს ტაქტიკით ხსნიან.

მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს უცვლელად აკვირდებოდნენ თანათავმჯდომარეები - ისინი კვლავ მოუწოდებენ ყველა მონაწილეს, ნდობის დასამყარებლად ძალისხმევა გაზარდონ. სწორედ საერთაშორისო პარტნიორების გვერდში დგომაა საქართველოსთვის ახლა მთავარი იარაღი, იმის მიუხედავად, თუ რას იტყვის კრემლი.

ჟენევაში ამჯერადაც ის საკითხები განიხილეს, რომლებიც რუსეთის მავნე ქმედებების გამო ტრადიციულად მოუგვარებელია - მცოცავი ოკუპაცია, გატაცებები, ადამიანის უფლებების დარღვევა, ჰუმანიტარული პრობლემები საოკუპაციო ხაზს მიღმა და ეს მხოლოდ ნაწილია, რაზეც მსჯელობა უკვე 55-ე რაუნდზე, 7-8 დეკემბერს გაგრძელდება.

დღის ამბები