28 ნოემბერი 2024,   06:50
ვრცლად
ბათუმში, ჩამონგრეული კორპუსის ადგილზე იმავე ზომისა და ფორმის ნაგებობა აშენდება - დაზარალებულები ფულად კომპენსაციასაც მიიღებენ

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, მე-13 ნომრის მცხოვრებლები კვლავ მეზობლები იქნებიან, ეს კი მას შემდეგ მოხდება, რაც კორპუსის ნგრევას დარჩენილ ნაწილს ბულდოზერი დაშლის. ბათუმის მერიამ იმავე მისამართზე, იმავე ფორმისა და სიმაღლის კორპუსის აშენება დააანონსა. 

8 ოქტომბერს ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის მომიჯნავე კორპუსები, დიდი ალბათობით, დემონტაჟს არ დაექვემდებარება. პირველადი ექსპერტიზის დასკვნით, სახლები ავარიულ მდგომარეობაში არ არის, საფუძვლიანი კვლევის დასრულების შემდეგ კი იქ ოჯახები საკუთარ სახლებში დაბრუნდებიან. 

ჩამონგრეული კორპუსის დემონტაჟისთვის ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა. პარალელურად, დაიგეგმება ახლის მშენებლობაც. მანამდე, დაზარალებული ოჯახების ბინით უზრუნველყოფას აჭარის მთავრობა საკუთარ თავზე იღებს. ასევე, იგეგმება ცვლილება ბიუჯეტშიც, რათა დაზარალებულებისთვის გაიცეს კომპენსაციები. თანხებს მიიღებენ ის ადამიანებიც, რომელთა მანქანები ნანგრევებში მოყვა. 

შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 არასრულწლოვანია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა. დაკავებულები არიან აღნიშნული კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინის მეპატრონე და ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული ორი მუშა. 

დღის ამბები