28 ნოემბერი 2024,   07:00
ვრცლად
ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის მცხოვრებლებს ბინებით დააკმაყოფილებენ, მანამდე კი დაზარალებულ ოჯახებს ქირას მერია გადაუხდის

ბათუმში ჩამონგრეულ კორპუსში მცხოვრებ 55 ოჯახს მერიის და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები შეხვდნენ. ისინი მოსახლეობას დაჰპირდნენ, რომ სახლის დემონტაჟის შემდეგ, ადგილზე იმავე პარამეტრების საცხოვრებელი აშენდება, ოჯახები კი მიიღებენ ზუსტად იმავე ფართის სახლს, რაც აქამდე ჰქონდათ.

მოსახლეობა მერიის შეთავაზებით კმაყოფილია.

"შეთავაზებულიდან კმაყოფილი დარჩა ყველა. ახლა, მთავარია, განხორციელდეს ეს დაპირება. ყველა კმაყოფილია და ვნახოთ, როგორ გაგრძელდება შემდეგ,"- აცხადებს კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრები. 

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ლელა სურმანიძის ინფორმაციით, მშენებლობის დასრულებამდე მათ დროებითი საცხოვრებლით მერია უზრუნველყოფს. 

"გამოიყო თანხა დემონტაჟის პროექტის შესაძენად და დემონტაჟის განსახორციელებლად. დღეს იყო შეხვედრა ამ კორპუსის მცხოვრებლებთან, მათთვის იქნა შეთავაზებული ბინების დაქირავება, რომლის ქირასაც გადაიხდის მერია მანამ, სანამ არ დასრულდება ამ კორპუსთან დაკავშირებული პროცესები. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დემონტაჟის შემდეგ აშენდება იგივე პარამეტრების, იგივე სართულების კორპუსი და ყველას გადაეცემათ ბინები მათი ფართობის შესაბამისად ახალაშენებულ კორპუსში,"- აცხადებს ლელა სურმანიძე. 

შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 არასრულწლოვანია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა. დაკავებულები არიან აღნიშნული კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინის მეპატრონე და ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული ორი მუშა. 

დღეს გახდა ცნობილი ექსპერტიზის დასკვნაც, რის მიხედვითაც საცხოვრებელი კორპუსის უვნებლად დარჩენილი ნაწილიც დემონტაჟს ექვემდებარება. 

დღის ამბები