28 ნოემბერი 2024,   07:00
ვრცლად
"არანაირი დაორგანიზება ხელისუფლების მხრიდან არ ხდება და ამის ვერც ერთ ფაქტს ვერ წარმოადგენენ" - სოზარ სუბარი დღეს რეგიონებში გამართულ კონტრაქციებზე

დღეს რეგიონებში გამართულ კონტრაქციებთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებს, თითქოს ის ხელისუფლების მხრიდან არის დაორგანიზებული, სოზარ სუბარი სიცრუეს უწოდებს. საუბარია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი აქციის პარალელურად გამართულ კონტრაქციაზე, რომლის დროსაც მოქალაქეებმა რეგიონებიდან დაძრული კოლონები ე.წ. ცოცხების პერფორმანსით გამოაცილეს. 

როგორც პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ "დღის კურიერში" განაცხადა, მსგავსი რამ არ ხდება და ამის არც ერთი ფაქტი არ მოიძებნება. 

"არანაირი დაორგანიზება ხელისუფლების მხრიდან არ ხდება და ამის ვერც ერთ ფაქტს ვერ წარმოადგენენ. სულ მესმის მთელი დღის განმავლობაში, რომ ქვები ესროლეს მანქანებს, გზები გადაკეტეს, თუმცა ვერც ერთი მაგალითი გზის გადაკეტვის და ქვების სროლის ვერ ვნახეთ. მეორეს მხრივ, როგორც არის აქციის უფლება, ისე არის კონტრაქციის უფლებაც, ადამიანები გამოხატავენ თავის პოზიციას და ცოცხი და ყავარჯენი არის სიმბოლო იმ ხელისუფლების, რომელიც ძალმომრეობის და ადამიანის ღირსების შელახვის სიმბოლოდაა ქცეული. ეს ადამიანები გამოხატავენ თავის პროტესტს.

ვუსმინე ზოგიერთ დეპუტატს, პარლამენტის ოპოზიციონერ წევრს, იქ საკრებულოების წევრები გამოდიან. კი ბატონო, საკრებულოს წევრიც არის ისეთივე მოქალაქე, როგორიც არის პარლამენტის წევრი. თუ პარლამენტის წევრებს ოპოზიციური პარტიებიდან აქვთ უფლება დააორგანიზონ აქცია, თუ მერობის კანდიდატებს, იგივე დეკანოიძეს აქვს უფლება დააორგანიზოს აქცია, თუ საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებს აქვთ უფლება, დააორგანიზონ აქცია და ამ აქციებში მიიღონ მონაწილეობა, ვინ უკრძალავს, რომ კონტრაქციებში მიიღონ მონაწილეობა "ქართული ოცნების" წევრებმა, რომლებიც საკრებულოს წევრები არიან პარალელურად,“ - აცხადებს სოზარ სუბარი.

დღის ამბები