28 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
ვის მიერ და როგორ მოხდება ციხეში მოშიმშილე მე-3 პრეზიდენტის ჯანმრთელობის კონტროლი - შესწავლისა და მონიტორინგის ჯგუფმა მუშაობა დაიწყო

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მე-12 დღეა ციხეში შიმშილობს, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას იღებს - ის მედიკოსთა ჯგუფის მიერ სამედიცინო შემოწმების წინააღმდეგი არ არის, თუმცა, სააკაშვილისთვის მისი პირადი ექიმის ვიზიტი ისევ პრიორიტეტად რჩება.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით და მიზნით, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი, ამომწურავი და ობიექტური ინფორმაცია, იუსტიციის მინისტრმა ჯანდაცვის მინისტრს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და დეტალური ანალიზისთვის ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფის გამოყოფა სთხოვა. უწყების შეთავაზებას კიდევ 3 ადრესატი ჰყავს - სახალხო დამცველი და პარლამენტის ადამიანის უფლებებისა და ჯანდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეები. 

შეთავაზებიდან მალევე ჯანდაცვის სამინისტრომ ფართო პროფილის ექიმები შეკრიბა. უწყება, საჭიროების შემთხვევაში, პროცესში ჩასართავად სრულ სამედიცინო მზადყოფნას აცხადებს. ექსპერტების მონაცემები იუსტიციის სამინისტროში უკვე გადაგზავნილია.

იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებას იღებს და პროცესში ერთვება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც. სახალხო დამცველი, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ყველასთან აპირებს თანამშრომლობას.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და სპეკულაციების პრევენცია - ეს არის ის ორი ფუნდამენტური არგუმენტი, რითიც იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას ადრესატი კომიტეტების თავმჯდომარეები დადებითად აფასებენ. რა ფორმატით ჩაერთვებიან კანონმდებლები მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის პროცესში, უნდა იმსჯელონ. 

რა ფორმატში, რა პერიოდულობით და შემადგენლობით იმუშავებს ექიმებისა და მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის ჯგუფი - დეტალებზე მსჯელობა გრძელდება. იმის გათვალისწინებით, რომ პატიმარი უკვე მეთორმეტე დღეა შიმშილობს, იუსტიციის სამინისტრო და უწყების შეთავაზების ადრესატები თანხმდებიან, რომ პროცესი დროში არ უნდა გაჭიანურდეს.

დღის ამბები