28 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
"სუნთვა შემიძლია..." - საბედისწერო დღეს გადარჩენილების ისტორია და ვითარება ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ადგილზე

ბათუმის ტრაგედიიდან მეექვსე დღეს ერთ-ერთი გადარჩენილი რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს. ზვიად თავდგირიძე შემთხვევის დროს სახლში მარტო იყო, ნგრევის შედეგად კი ბეტონის ფილებს შორის აღმოჩნდა. ახალგაზრდა კაცი მაშველებთნ კონტაქტზე მალე გავიდა, "სუნთქვა შემიძლია" - ისმოდა მისი ხმა ნანგრევებიდან. ზვიად თავდგირიძე 11 საათის განმავლობაში ვერტიკალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 

ერთი წლის იოანე ქათამაძე 8 ოქტომბრის კიდევ ერთი გადარჩენილია. ის ნგრევის დროს კორპუსთან გაჩერებულ ავტომობილში მარტო იმყოფებოდა და ნანგრევებში მოყვა. მშობლებმა ის წამიერად დატოვეს, რადგან ეძინა, დედა კლინიკაში იმყოფებოდა, მამა კი ავტომობილთან იდგა. ბავშვი მაშველებმა და ადგილობრივებმა ერთობლივი ძალით ამოიყვანეს. მას კიდურების მოტეხილობა და ზედაპირული დაზიანებები ჰქონდა. ბავშვი ნანგრევებში 40 წუთის განმავლობაში ტიროდა, მაგრამ დღეს ის უკვე სახლშია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მეექვსე დღეა ადგილობრივებს სახლებიდან პირადი ნივთები, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე სამაშველო სამსახურის დახმარებით, ეტაპობრივად გააქვთ. მომხდარის გამო, ისინი ნათესავებთან ან სახელმწიფოს დახმარებით ალტერნატიულ საცხოვრისში არიან გადასულები.

ტრაგედიის ადგილი შემოღობილია. მეზობელი სადარბაზოები მოსახლეობისგან დაცლილია, ნაწილი კი ცხოვრებას კვლავ ძველ მისამართზე აგრძელებს. 

ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, ოფიციალური ინფორმაციით, ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურში 200-მდე შეტყობინება შევიდა, მოსახლეობა კორპუსებში მიმდინარე სხვადასხვა სარემონტო სამუშაოს შემოწმებას მოითხოვს. შესაბამის სამსახურში ამბობენ, რომ ყოველ ჯერზე რეაგირება მოახდინეს.

8 ოქტომბერს ბათუმში კორპუსის ერთი სადარბაზოს ნაწილი დაინგრა, რასაც 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

დღის ამბები